შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით 8 ნოემბერს And Then We Danced-ის ჩვენების დროს კინოთეატრებთან გამართულ ჰომოფობიურ აქციებზე სულ 27 პირი დააკავა, აქედან სამი ბათუმში. ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით აქტივისტ ანა სუბელიანის თავდასხმაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. პოლიციამ უკვე დააკავა ერთი ბრალდებული. ამავე მუხლით დაიწყო გამოძიება პოლიტიკოს დავით ბერძენიშვილზე თავდასხმის საქმეზე.

გარდა ამისა, პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დაიწყო. ინციდენტების დროს ორი პოლიციელი დაშავდა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რაც შეეხება, შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანების ფაქტს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები სანდრო ბრეგაძის, ლევან ვასაძისა და გურამ ფალავანდიშვილის ორგანიზებით თბილისში ფილმ And Then We Danced-ის ჩაშლას ცდილობდნენ. მსგავსი აქცია ჩატარდა ბათუმში, კინოთეატრ აპოლოსთან.

აგრესიული ჯგუფების მთავარი სამიზნე ლოკაცია კინოთეატრი ამირანი იყო. დილიდან ყველა კინოთეატში მობილიზებული იყო პოლიცია და გაძლიერებული იყო უსაფრთხოება.

აქციის მონაწილეების მცდელობის მიუხედავად ყველა სეანსი ჩატარდა.