And Then We Danced-ის ქართული პრემიერის ჩასაშლელად დღეს ჰომოფობიური აქცია გაიმართა, სადაც ფილმის სანახავად მისულ ანა სუბელიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სუბელიანის თქმით, მას მიზანმიმართულად ესროლეს ქვა და თვალი შემთხვევით გადაურჩა.

როგორც ანამ ცოტა ხნის წინ ფეისბუქზე დაწერა, ის ნიუ-ჰოსპიტალიდან ცოტა ხნის წინ გამოწერეს:

"გამომწერეს, შვიდი ნაკერი მადევს. ტვინის დაზიანებები არ მაქვს".

სუბელიანი დასძენს, რომ ის ამჟამად თბილისის საგამოძიებო სამმართველოში მიჰყავთ გამოკითხვაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ ანა სუბელიანზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. მათი თქმით, ინციდენტში მონაწილე ერთი პირი პოლიციამ უკვე დააკავა და მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

სუბელიანს მხარდაჭერა გამოუცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ:

"ეს არის შედეგი ძალადობრივი მოწოდებების და იმის, რომ აქციის მონაწილეები ასე ახლოს მიუშვეს მშვიდობიან მოქალაქეებთან! სასწრაფოდ უნდა მოხდეს როგორც უშუალო მოძალადის იდენტიფიცირება, ასევე, აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის დაყენება ძალადობრივი მოწოდებების გამო! მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ !"— წერს ნინო ლომჯარია.

ჰომოფობიური აქციები საქართველოში And Then We Dance-ის წინააღმდეგ

თბილისსა და ბათუმში And Then We Danced-ის ქართული პრემიერის პარალელურად აქციები იმართება. თბილისში აქციის ორგანიზატორები არიან ლევან ვასაძე, ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე და ჰომოფობიური დაჯგუფების წარმომადგენლები გურამ ფალავანდიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე. ბრეგაძე და ვასაძე ამირანთან, ხოლო ფალავანდიშვილი გალერეა მოლში იმყოფებიან. კინოჩვენების გამპროტესტებლები მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამართალდამცავების მისამართით პიროტექნიკას და გარკვეულ ნივთებს ისროდნენ, შემდეგ კი პარაკლისი გადაიხადეს. რაც შეეხება ბათუმში გამართულ ჩვენებას, კინოთეატრ აპოლოში დემონსტრანტებმა კვერცხები და შუშხუნები შეყარეს.

თბილისში აქციაზე დაშავდნენ ანა სუბელიანი, დავით ბერძენიშვილი და ერთი პოლიციელი. აქციიდან ამჟამად დაკავებულია 11 ადამიანი. თბილისში კინოთეატრ ამირანის წინ მობილიზებულია სპეცრაზმი და პოლიცია. კინოაფიშას ინფორმაციით, And Then We Danced-ის ჩვენება ყველა კინოთეატრში მიმდინარეობს.

ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე 16 მაისს შედგა, პირველი ქართული სასიყვარულო გეი დრამის ჩვენება კი თბილისის კინოთეატრებში 8-10 ნოემბერს იმართება.

And Then We Danced ახალგაზრდა მოცეკვავის, მერაბის ცხოვრების შესახებ გვიყვება, რომელიც რადიკალურად იცვლება, მას შემდეგ, რაც მას ამბიციური მეტოქე შეუყვარდება. მთავარ როლებს ქართველი მსახიობები: ლევან გელბახიანი, ბაჩი ვალიშვილი, ანა ჯავახიშვილი, გიორგი წერეთელი, თამარ ბუხნიკაშვილი და მარიკა გოგიჩაიშვილი ასრულებენ.

და ჩვენ ვიცეკვეთ, რომელმაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა, ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონიალზე, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის (იგივე უცხოენოვანი ფილმის) კატეგორიაში შვედეთის სახელითაა გაგზავნილი. მისი რეჟისორი ლევან აკინია, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა.