მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჰომოფობიურ აქციას ეხმაურება და წერს, რომ რასაც ტელევიზიით ხედავს ფარისევლობაა, რადგან "ეს ცოდვა" ჯერ ეკლესიის შიგნითაა მოსაგვარებელი.

"სწორედ ამას ჰქვია ფარისევლობა რასაც ტელევიზიით ვუყურებთ, ჯერ ეკლესიის შიგნით გვაქვს მოსაგვარებელი ეს ცოდვა რომ ვიცოდეთ. ცოდვის რეცეპტი უმჯობესია საპატრიარქოს გამოუწერონ, რადგან ამ ცოდვის საწყისი იქ იღებს სათავეს; ცოცხალ ფილმებს აყურებინებდნენ თავისი ცხოვრებით ახალგაზრდებს და უმჯობესია სწორედ ჯერ ეს საკითხი მოვაგვაროთ შიგნით!!! წინ არის ამ ცოდვის აღსაკვეთად ბრძოლის ასპარეზი, ღმერთი გველოდება!", — წერს მამა ანდრია ფეისბუქზე.

ფილმ And Then We Danced ჩასაშლელად ჰომოფობიური ჯგუფები აქციას ამ დრომდე მართავენ. ისინი კინოთეატრ ამირანში მეორე სეანსის დაწყებას ელოდებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეცრაზმი. აქციის ზოგიერთი მონაწილე ადგილზე ჯვრებით, ხატებითა და სანთლებით მივიდა, მოგვიანებით მათ პარაკლისი აღავლინეს.

თბილისსა და ბათუმში And Then We Danced-ის ქართული პრემიერის პარალელურად აქციები იმართება. თბილისში აქციის ორგანიზატორები არიან ლევან ვასაძე, ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე და ჰომოფობიური დაჯგუფების წარმომადგენლები გურამ ფალავანდიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე. ბრეგაძე და ვასაძე ამირანთან, ხოლო ფალავანდიშვილი გალერეა მოლში იმყოფებიან. კინოჩვენების გამპროტესტებლები მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამართალდამცავების მისამართით პიროტექნიკას და გარკვეულ ნივთებს ისროდნენ, შემდეგ კი პარაკლისი გადაიხადეს. რაც შეეხება ბათუმში გამართულ ჩვენებას, კინოთეატრ აპოლოში დემონსტრანტებმა კვერცხები და შუშხუნები შეყარეს.

თბილისში აქციაზე დაშავდნენ ანა სუბელიანი, დავით ბერძენიშვილი და ერთი პოლიციელი. აქციიდან ამჟამად დაკავებულია 11 ადამიანი. თბილისში კინოთეატრ ამირანის წინ მობილიზებულია სპეცრაზმი და პოლიცია. კინოაფიშას ინფორმაციით, And Then We Danced-ის ჩვენება ყველა კინოთეატრში მიმდინარეობს.

ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე 16 მაისს შედგა, პირველი ქართული სასიყვარულო გეი დრამის ჩვენება კი თბილისის კინოთეატრებში 8-10 ნოემბერს იმართება.

And Then We Danced ახალგაზრდა მოცეკვავის, მერაბის ცხოვრების შესახებ გვიყვება, რომელიც რადიკალურად იცვლება, მას შემდეგ, რაც მას ამბიციური მეტოქე შეუყვარდება. მთავარ როლებს ქართველი მსახიობები: ლევან გელბახიანი, ბაჩი ვალიშვილი, ანა ჯავახიშვილი, გიორგი წერეთელი, თამარ ბუხნიკაშვილი და მარიკა გოგიჩაიშვილი ასრულებენ.

და ჩვენ ვიცეკვეთ, რომელმაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა, ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონიალზე, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის (იგივე უცხოენოვანი ფილმის) კატეგორიაში შვედეთის სახელითაა გაგზავნილი. მისი რეჟისორი ლევან აკინია, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა.