ომბუდსმენის ცნობით, ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში სამართალდამცავებმა გადაკეტეს იმ შენობაში შესასვლელი, რომელშიც რამდენიმე დღის წინ ადგილობრივი მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა ლოცვა დაიწყეს.

საქართველოს სახალხო დამცველის თქმით, რელიგიის თავისუფლების ერთ-ერთი გამოხატულება არის ღვთისმსახურების ადგილის არსებობა და ლოცვა სხვებთან ერთად, რის შესაძლებლობას მუსლიმი თემი ამჟამად მოკლებულია.

უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ ცალკეული ინდივიდებისთვის თუ რელიგიური გაერთიანებისთვის რელიგიის თავისუფლების რეალიზაციის ხელშეშლა იწვევს მათ უთანასწორო მდგომარეობას და შესაძლოა, რიგ შემთხვევებში, წარმოადგენდეს დისკრიმინაციას რელიგიის ნიშნით.

მუსლიმი თემი მიიჩნევს, რომ ნაგებობა, რომელიც ადიგენის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება, არის მეჩეთი, თუმცა, მისი კუთვნილების შესახებ გადაწყვეტილება დღემდე არ არის მიღებული კომისიის მიერ, რომელიც სადავო შენობის საკითხს 2 წელია სწავლობს.

შენობის კუთვნილების გაურკვევლობის გამო მოხეში ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირება 2014 წელს მოხდა.

"სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ქმედითი ღონისძიებების გატარება და დარჩა კონფლიქტური კერა, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ დროს კვლავ დაძაბულობის საბაბი გახდეს" - აცხადებს სახალხო დამცველი.

უჩა ნანუაშვილი მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, სწრაფად გადაწყვიტოს სადავო შენობის კუთვნილების საკითხი და მუსლიმებისთვის მოხეში განსაზღვროს სალოცავი ადგილი, რომელიც მისაღები იქნება მუსლიმი თემისათვის და არ შექმნის რელიგიური ნიშნით დაპირისპირების საფუძველს. სახალხო დამცველის თქმით, ის აქტიურად დააკვირდება მოხეში ადგილობრივი მუსლიმი თემის სალოცავი ადგილით უზრუნველყოფის პროცესს.

როგორც მუსულმანები აღნიშნავენ, მათ მიერ სადავო ნაგებობაში ლოცვა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ მათ არ აქვთ ხელმისაწვდომობა ადგილზე, სადაც რელიგიურ რიტუალს განახორციელებენ.