ჰომოფობიური მოძრაობის წევრმა, გურამ ფალავანდიშვილმა ფილმის And Then We Danced-ის ჩვენების ჩაშლის ახალი გეგმა შეიმუშავა.

ფალავანდიშვილის თქმით, კინოთეატრში შევა და "შტეფცელიდან" დენს გათიშავს.

"მივიწევ კარებისკენ, თავში მხვდება ჯოხები, მე ხელს არ ვანძრევ, მივდივარ, მივდივარ და ბოლოს იმდენი ვართ, რომ ყველას ვერ გვირტყამენ, ვაღებ მშვიდად, ლამაზად კარს და "შტეფცელიდან" ვრთავ დენს", — ამბობს ფალავანდიშვილი.

მისი თქმით, ჯერ არ იცის, სად არის "შტეფცელი". მისივე თქმით, სხვა ფილმზე შესვლა და შემდეგ დარბაზში დარჩენა უნდოდა, მაგრამ არ შეუშვეს.

ფილმის პირველი ჩვენება დღეს, 8 ნოემბერს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში გაიმართება. ლევან ვასაძე და ჰომოფობიური ჯგუფების სხვა ლიდერები, გურამ ფალავანდიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე, ქართული მარშის მსგავსად, And Then We Danced-ის ჩვენების ჩაშლით იმუქრებიან. გურამ ფალავანდიშვილი, რომელიც თავს ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარეს უწოდებს, ამბობს, რომ თუ პოლიცია მათ "ხელს შეუშლის" სეანსის ჩაშლაში, პასუხად პოლიციას შეუშლიან ხელს, რომ ფილმის ჩვენების დაცვა ვერ შეძლონ.

ფალავანდიშვილი ფილმის ჩაშლის სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს, მათ შორის დარბაზის წინასწარ დაკავებას და კინოთეატრის შესასვლელის პიკეტირებას. მისი გეგმით, სამი დღის განმავლობაში ფილმის ვერცერთი სეანსის ჩვენება არ უნდა მოხდეს. როგორც ის ამბობს, მათი ძალები ყველა კინოთეატრთან გადანაწილდება.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჰომოფობიური ჯგუფები ფიზიკური დაპირისპირებით იმუქრებიან მათ შორის პოლიციასთან. იგივე მოწოდებები ისმოდა 17 მაისისა და თბილისი პრაიდის წინა პერიოდში.

ფილმის ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში 8-დან 10 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

ფილმის და ჩვენ ვიცეკვეთ მსოფლიო პრემიერა 16 მაისს კანის რიგით 72-ე კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმი კანის კინოფესტივალის Director’s Fortnight სექციაში, 25 ფილმს შორის მოხვდა. პირველი ქართული სასიყვარულო გეი დრამის რეჟისორი ლევან აკინია, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა.

And Then We Danced, რომელმაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონიალზე შვედეთის სახელით წარსდგება.