რამდენიმე დღეში დაუფასოებელ თამბაქოს ვეღარ იყიდით. 21 ნოემბრიდან აიკრძალება თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის, მათ შორის თამბაქოს ნედლეულის, ჩიბუხის თამბაქოს, შესახვევი თამბაქოსა და ჩილიმისათვის განკუთვნილი თამბაქოს რეალიზაცია და მიწოდება.

გარდა ამისა, ორ კვირაში აიკრძალება აქციზის გარეშე ელექტრონული სიგარეტისთვის საჭირო სითხის გაყიდვა. რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში გამყიდველი 2 000 ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში სანქცია ორმაგდება.

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, აღნიშნული ნაწარმის რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია ნეტო-მასით 50 ან 100-გრამიან პირველად საფუთავებში. აღნიშნული წესით დაფასოებული თამბაქო უნდა იყოს დადგენილი წესით აქციზური მარკით ნიშანდებული.

უწყების განმარტებით, თამბაქოს ნაწარმის თითოეულ კოლოფსა/ბლოკსა და თითოეულ შეფუთვაზე, განთავსებული უნდა იყოს სამედიცინო გაფრთხილება და დაცული უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.