ეს კვირა უმეტესად საეკლესიო დრამებს და And Then We Danced-ის ჩაშლის დეტალიზებულ სქემებს დაეთმო. იმის გამო, რომ სამუშაო კვირა ისედაც სავსეა სტრესით, გადავწყვიტეთ კვირის ბოლოს 10 კარგი ამბავი გაგაცნოთ ხოლმე. იმედი გვაქვს, სტატიების ეს სერია განტვირთვაში დაგეხმარებათ.

აი, ისინიც:

1. ირაკლი კვირიკაძე ახალ ფილმში ენტონი ჰოპკინსთან ერთად მონაწილეობს

სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ფილმ Now is Everything-ის ტრეილერი, რომელშიც ახალგაზრდა ქართველი მსახიობი, ირაკლი კვირიკაძე ოსკაროსან მსახიობთან, ენტონი ჰოპკინსთან ერთად თამაშობს.

ფილმი მოდის ფოტოგრაფის, ნიკოლას იარნის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც დაკარგულ შეყვარებულს ეძებს. სწორედ ამ მთავარ როლს ასრულებს ქართველი მსახიობი.

2. ელიზაბეტ მეორე ნატურალური ბეწვისგან დამზადებულ ტანსაცმელზე უარს ამბობს

ფოტო: PA

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ მეორე ნატურალური ბეწვისგან დამზადებულ ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უარს ამბობს. ეს ინფორმაცია ბუკინგემის სასახლის პრესსპიკერმა დაადასტურა და დაამატა, რომ ახალი ტანსაცმლის შეკერვის აუცილებლობის შემთხვევაში მხოლოდ ხელოვნურ ბეწვს გამოიყენებენ.

თუმცა, დედოფალი გააგრძელებს იმ ბეწვის პროდუქციის მომხმარებას, რომელიც ცერემონიალური მიზნებისთვის შეიქმნა — ქუდები და მანტიები.

ბეწვის მოხმარების გამო დედოფალი კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა.

3. ლევან გელბახიანი ანტონიო ბანდერასთან ერთად საუკეთესო ევროპელი მსახიობის ტიტულისთვის იბრძვის

თბილისში მიმდინარე ჰომოფობიური პროტესტის ფონზე ფილმ And Then We Danced-ის წარმატებების სერია გრძელდება. ამჯერად მსახიობი ლევან გელბახიანი ევროპის კინემატოგრაფიული ჯილდოს ნომინანტი გახდა.

საუკეთესო ევროპელი მსახიობი კაცის ტიტულის მისაღებად ის ისეთ მსახიობებთან ერთად იბრძოლებს, როგორებიც არიან ანტონიო ბანდერასი, ჯინ დუარდინი და სხვები.

4. ჰოლივუდის ყველაზე სევდიანი კაცი, კიანუ რივზი რჩეულთან ერთად გამოჩნდა

ფოტო: Taylor Hill / Getty Images

55 წლის მსახიობმა, კიანუ რივზმა პირადი ცხოვრების ირგვლივ არსებულ ჭორებს ბოლო მოუღო და საჯაროდ გამოჩნდა თავის პარტნიორთან, ალექსანდრა გრანტთან ერთად.

ალექსანდრა გრანტი ხელოვანია, რომელიც ერთდროულადაა დაინტერესებული ხატვით, ფოტოგრაფიითა და კინოთი. კიანუ რივზს მასთან საკმაოდ დიდხნიანი მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს: გრანტმა გააფორმა რივზის ორი წიგნი თავისი ილუსტრაციებით - Ode to Happiness და Shadows, რომლებიც მსახიობმა 2011 და 2016 წლებში გამოაქვეყნა.

5. თბილისელი ჩოჩორი აუქციონზე 633,5 ლარად გაიყიდა

"გაცნობებთ, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ახორციელებს მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი სახედარის (ჩოჩორი) აუქციონის ფორმით რეალიზაციას", — ეწერა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქზე.

აუქციონის საიტზე ფასის ისტორიაში კი 161 ბიჯია დადებული. საწყისი ფასი 70 ლარი იყო. საბოლოოდ ჩოჩორი 633,5 ლარად გაიყიდა.

6. ფიბი უოლერ-ბრიჯმა Vogue-სთვის ბალენსიაგას ის კაბა მოირგო, რომელიც ზურაბიშვილსაც მოეწონა

ინგლისელი მსახიობი, პროდიუსერი და მწერალი ფიბი უოლერ-ბრიჯი პირველად დაამშვენებს ამერიკული ვოგის ყდას.

ჟურნალის ფოტოსესიაში წლის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქალს შთამბეჭდავი სურათები ახალგაზრდა ნიუ-იორკელმა ფოტოგრაფმა, ეთან ჯეიმს გრინმა გადაუღო. როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთ კოსტიუმი უოლერ-ბრიჯმა ესპანური მოდის სახლის, ბალენსიაგას უახლესი კოლექციიდან აირჩია.

ეს სწორედ ის კოლექციაა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქის საკუთარ კედელზე გააზიარა და იკითხა: "რომელი ჩავიცვა ... სკანდალის გარეშე????"

7. ამ რეინჯერს ორ უკანასკნელ ჩრდილოეთის მარტორქასთან სძინავს, რომ ბრაკონიერებისგან დაიცვას

ფოტო: reddit

აფრიკაში უკონტროლო ნადირობის გამო ჩრდილოეთის მარტორქა დღეს გადაშენების პირასაა.

ამ სახეობის უკანასკნელი მამრი ინდივიდი გასულ წელს, კენიაში, 48 წლის ასაკში მოკვდა, რომელსაც ევთანაზიამდე გენეტიკური მასალა აუღეს — ამ დრომდე ცოცხალია მხოლოდ ორი მდედრი ინდივიდი.

სწორედ ამ უკანასკნელი მარტორქების დასაცავად იძიენებს ეს რეინჯერი ყოველ ღამე ღია ცის ქვეშ.

8. ბრაზილიელი დენტისტი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და მათ, ვისაც ფული არ აქვს, უფასოდ ეხმარება

ფოტო: mymodernmet

დენტისტმა ფილიპ როსიმ გადაწყვიტა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები გაჭირვებული ადამიანებისათვის ლამაზი ღიმილი ეჩუქებინა.

კაცმა თითქმის 1 500 უფასო სტომატოლოგიური პროცედურა ჩაატარა — ფესვების მკურნალობა, გაწმენდა და დაზიანებული კბილების დაბჟენა.

კარგი ისაა, რომ 38 წლის ფილიპი ამ კეთილ საქმეს მარტო არაა შეჭიდებული. მსოფლიოს გარშემო ის მოხალისეებთან ერთად მოგზაურობს და ყველაზე ღარიბ დასახლებებს სტუმრობს.

9. ავსტრალიაში ნაპოვნი უსახლკარო ლეკვი გადაშენების პირას მყოფი დინგო აღმოჩნდა

ფოტო: Australian Dingo Foundation

რამდენიმე კვირის წინ ავსტრალიაში უსახლკარო ლეკვი იპოვეს, რომლის დნმ-ის პასუხები ახლახან გახდა ცნობილი: როგორც აღმოჩნდა, საქმე გადაშენების პირას მყოფ გარეულ ძაღლთან, დინგოსთან გვაქვს.

ამ სიახლემ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, რადგან ავსტრალიური ალპური დინგოები ველურ ბუნებაში თითქმის აღარ გვხვდებიან.

10. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ღუმელი გაგზავნეს

ფოტო: AFP

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სპეციალური ღუმელი და შოკოლადის ორცხობილების ცხობისთვის საჭირო ინგრედიენტები გაგზავნეს.

ორბიტაზე ასტრონავტები გამოცდიან, თუ რა გავლენას ახდენს ორცხობილებზე უწონადობა. ეს კოსმოსში ცხობის პირველი შემთხვევა იქნება.

ორცხობილის ცომი Hilton-ის სასტუმროების ქსელმა, DoubleTree-მ მოამზადა. მათი მიზანია, რომ კოსმოსში გრძელვადიანი მოგზაურობა უფრო კომფორტული გახდეს.