ჰომოფობიური ჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი, გურა, ფალავანდიშვილი ამბობ, რომ თუ ეკრანებზე ფილმი And Then We Danced გავიდა, ისინი მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. ამის შესახებ მან ინტერპრესნიუსს უთხრა:

"თუ მთავრობამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ამ სიბინძურის გაშვებაში მიიღო მონაწილეობა და ჩაატარებინა უმცირესობას რომ ეძახიან ამ ჰომოსექსუალურ პროპაგანდას, ჩვენ შევეცდებით, რომ რუსთაველისკენ დავიძრათ და აღარ დავიშალოთ, ვიდრე მთავრობა არ გადადგება, რადგან ამათ დევნა უკვე აუტანელი გახდა".

ლევან ვასაძე და ჰომოფობიური ჯგუფების სხვა ლიდერები, გურამ ფალავანდიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე, ქართული მარშის მსგავსად, And Then We Danced-ის ჩვენების ჩაშლით იმუქრებიან. გურამ ფალავანდიშვილი, რომელიც თავს ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარეს უწოდებს, ამბობს, რომ თუ პოლიცია მათ "ხელს შეუშლის" სეანსის ჩაშლაში, პასუხად პოლიციას შეუშლიან ხელს, რომ ფილმის ჩვენების დაცვა ვერ შეძლონ.

ფალავანდიშვილი ფილმის ჩაშლის სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს, მათ შორის დარბაზის წინასწარ დაკავებას და კინოთეატრის შესასვლელის პიკეტირებას. მისი გეგმით, სამი დღის განმავლობაში ფილმის ვერცერთი სეანსის ჩვენება არ უნდა მოხდეს. როგორც ის ამბობს, მათი ძალები ყველა კინოთეატრთან გადანაწილდება.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჰომოფობიური ჯგუფები ფიზიკური დაპირისპირებით იმუქრებიან მათ შორის პოლიციასთან. იგივე მოწოდებები ისმოდა 17 მაისისა და თბილისი პრაიდის წინა პერიოდში.

ფილმის ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში 8-დან 10 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

ფილმის და ჩვენ ვიცეკვეთ მსოფლიო პრემიერა 16 მაისს კანის რიგით 72-ე კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმი კანის კინოფესტივალის Director’s Fortnight სექციაში, 25 ფილმს შორის მოხვდა. პირველი ქართული სასიყვარულო გეი დრამის რეჟისორი ლევან აკინია, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა.

And Then We Danced, რომელმაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონიალზე შვედეთის სახელით წარსდგება.