უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, ალექსანდრე წულაძის თქმით, ახალ კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის ამ ხარისხში აყვანა აუცილებელი არ იყო. დღეს, 7 ნოემბერს საკომიტეტო მოსმენაზე ევროპული საქართველოს დეპუტატმა სერგი კაპანაძემ ჰკითხა, ახალ კონსტიტუციაში რა შეიცვალა უარესობისკენ:

"არათუ ჩვენ განვსაზღვრავთ იმ პირებს ვისთანაც შეგვიძლია... ეს მხარეთა თანასწორობაზე და სამოქალაქო სამართლის ყველა პრინციპის გამტარებელი ინსტიტუტია, ასევე, შეგვიძლია ხეკლშეკრულებაც კი დავდოთ ამ ადამიანებთან. აქედან გამომდინარე, როგორც ცივილისტმა არ მიმაჩნდა რომ კონსტიტუციაში ჩაწერის ამის აუცილებლობა იყო".

კონსტიტუციის ახალი რედაქციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქორწინება არის ქალისა და კაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით.

ამ ჩანაწერის გაკეთება კონსტიტუციაში ქართული ოცნების ერთ-ერთი ძირითადი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ჩანაწერი გააპროტესტა სამოქალაქო საზოგადოებამ. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) მიერ მომზადებულ ანგარიშში წერია, რომ ეს ცვლილება ქვეყნის უზენაესი კანონით უსპობს ლგბტქი პირთა უფლებების შესაძლო გაფართოებას. GDI-ის შეფასებით, ხელისუფლება უმცირესობათა უფლებების შეზღუდვის ხარჯზე ცდილობს პრობლემის მოგვარებას, რაც, მათივე აზრით, უკუშედეგის მომტანი იქნება.

უზენაესის კანდიდატი, ალექსანდრე წულაძე 2011-2012 წლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მრჩევლად მუშაობდა. 2014-2015 წლებში უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური დეპარტამენტის დეპარტამენტის უფროსი იყო. კანდიდატი წულაძე 2017 წლიდან დღემდე, იურიდიული კომპანია CCL Law Firm-ის მმართველი პარტნიორია.