მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი, ჯეიმს დინი, რომელიც 1955 წელს ავტოავარიის შედეგად 24 წლის ასაკში გარდაიცვალა, მალე ეკრანებზე კვლავ დაბრუნდება.

ჰოლივუდის დაუვიწყარი სახე, რომელმაც მოახერხა და ჯერ კიდევ სრულიად ახალგზარდამ საკულტო როლები შექმნა ისეთ ფილმებში მონაწილეობით, როგორებიცაა Rebel Without a Cause და East of Eden, 2020 წელს ვიეტნამის ომის შესახებ გადაღებულ დრამაში "მიიღებს მონაწილეობას".

ფილმის რეჟისორებმა, ენტონი ერნსტმა და ტატი გოლიკმა ჯეიმს დინის ოჯახისგან მოიპოვეს უფლება, რომ მსახიობის ფოტოების საშუალებით დეტალური და რეალისტური კომპიუტერული გამოსახულება შექმნან, რომელიც ახალ ფილმში შეასრულებს როლს.

"დიდხანს ვეძებდით ამ როლისთვის შესაფერის კანდიდატს და თვეების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ის სწორედ ჯეიმს დინი უნდა ყოფილიყო", — აცხადებს რეჟისორი ენტონი ერნსტი.

ფილმის სახელწოდება Finding Jack იქნება და ჯეიმს დინის კომპიუტერული გამოსახულება მეორეხარისხოვან როლს შეასრულებს.

ფილმის გადაღებები 2020 წელს დაიწყება. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ჯეიმს დინის "გაცოცხლებული" მომხიბვლელობის ეკრანებზე ხილვას დაველოდოთ.