სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სასულიერო პირების მხრიდან სავარაუდო სექსუალური შევიწროებისა და სექსუალური ხასიათის ქმედებების იძულების საქმეებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. როგორც ომბუდსმენი განმარტავს, სავარაუდო სექსუალური შევიწროება შესაძლოა არასრულწლოვნების მიმართ იყოს განხორციელებული.

მისივე განმარტებით, ზოგიერთი სასულიერო პირის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედების ნიშნებს შეიცავს.

"მოვუწოდებ სამართლადამცავ ორგანოებს, დაინტერესდნენ და დაიწყონ გამოძიება თითოეულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ასევე, მოვუწოდებ ყველა იმ პირს, რომლისთვისაც ცნობილია ზემოაღნიშნული სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, დაუყოვნებლივ მიმართოს შესაბამის ორგანოებს", — აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა რეაგირებისთვის უკვე მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს, გენერალურ პროკურატურას და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. ამასთანავე, ნინო ლომჯარია მოუწოდებს განცხადების ავტორებსა და ინფორმაციის მფლობელებს დაუკავშირდნენ მის აპარატს და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფით მიაწოდონ ინფორმაცია.

1988 წლის 23 დეკემბერს მომხდარი სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ მამა გიორგიმ ფეისბუქზე 5 ნოემბერს დაწერა. მან დაასახელა კონკრეტული პირის სახელი და გვარიც, რომელზეც ამბობდა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიაში მაშინდელი რექტორი, ეპისკოპოსი ზოსიმე შიოშვილი "სოდომურად თავს დაესხა" სვეტიცხოვლის რეზიდენციაში.

გარდა ამისა, მარგვეთის ეპარქიის ყოფილმა მღვდელმთავარმა, ქრისტეფორე წამალაიძემ ნეტგაზეთთან მეუფე ზოსიმემ მიმართ ბრალდებები დაადასტურა. წამალაიძე ამბობს, რომ საჭიროა, საერთო საეკლესიო კრებისა და არა სინოდის კრების მოწვევა, ეკლესიაში არსებული პრობლემების განსახილველად.

მეუფე ზოსიმემ ბრალდება უარყო და თქვა, რომ ის სექსუალურ ძალადობაში იმიტომ დაადანაშაულეს, რომ პატრიარქს ებრძვიან.

ამავე თემაზე: