ქართულის ოცნების მმართველობის შვიდი წლისთავზე მე-5 განათლების მინისტრი შეცვალა. გიორგი მარგველაშვილის, თამარ სანიკიძის, ალექსანდრე ჯეჯელავასა და მიხეილ ჩხენკელის შემდეგ თანამდებობა, თითქმის წელიწადნახევრიანი მმართველობის თავზე მიხეილ ბატიაშვილმაც დატოვა. ის პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დაასახელა. მან განათლება ეროვნულ იდეად გამოაცხადა, თუმცა დღევანდელ მთავრობის წევრებში აღარც ბახტაძე ირიცხება.

ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლისას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი იყო. მის სახელს უაკვშირდება უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა, ასევე, უმაღლესი განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმა. კერძოდ, უნივერსიტეტები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირიდან საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გადაკეთდნენ.

გიორგი მარგველაშვილის მინისტრობის პერიოდს უკავშირდება აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტი. 2013 წლის მარტში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

თამარ სანიკიძე

თამარ სანიკიძე

ფოტო: განათლების სამინისტრო

გიორგი მარგველაშვილი თამარ სანიკიძემ შეცვალა. მინისტრობის კანდიდატად დასახელებამდე სანიკიძე მარგველაშვილის მოადგილე იყო. თამარ სანიკიძის მინისტრობის პერიოდს უკავშირდება აუდიტორია #115-ის მასშტაბური პროტესტი. აუდიტორია #115 უმაღლესი განათლების სისტემას აპროტესტებდა და თვითმმართველობის არსებული რეფორმის ცვლილებას ითხოვდა. მათი თქმით, უნივერსიტეტებში ე.წ. ოდეერების ინსტიტუტი ისევ არსებობს და ხელისუფლება უნივერსიტეტის საქმიანობაში ერევა.

ფოტო: განათლების სამინისტრო

მომდევნო მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა პოსტს სულ ერთი წელი იკავებდა. მისი ინიციატივები სწავლის პროცესში სახალისო ელემენტების შეტანას, სასკოლო სახელმძღვანელოების შემსუბუქებას, სწავლის პროცესში თამაშების დანერგვასა და დამატებით საგანმანათლებლო გაკვეთილებს უკავშირდებოდა. მინისტრობის დროს, ალექსანდრე ჯეჯელავა სკოლის ბუფეტებში საკვების კონტროლზე და ჯანსაღი კვების ხელშეწყობაზეც საუბრობდა, ამ ინიციატივას უკავშირდებოდა სკოლებში, დიდ შესვენებებზე ვაშლების დარიგების პროექტიც, რომელიც მისმა შემცვლელმა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აღარ გააგრძელა.

ფოტო: პირველი არხი

ალექსანდრე ჯეჯელავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა, მიხეილ ჩხენკელმა 2017 წლის 13 ნოემბერს შეცვალა. მიხეილ ჩხენკელის მინისტრობის დროს ხორავას ქუჩის ტრაგედია მოხდა, რამაც სკოლებში ბულინგისა და ძალადობის პრობლემა გამოააშკარავა. მიხეილ ჩხენკელს ამ მიმართულებითაც ჰქონდა ინიციატივები, მისი მინისტრობის დროს მანდატურის რეფორმაც განხორციელდა.

ფოტო: განათლების სამინისტრო

დღეს, 7 ნოემბერს გადამდგარი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი პოსტს 1 წელი და 4 თვე იკავებდა. ამ პერიოდში მის სახელს უკავშირდება:

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის 2018 წლის აგვისტოში სტუდენტების მიღების უფლების შეზღუდვა. ამან მაშინ პირველკურსელების პროტესტი გამოიწვია;
  • მისაღემი გამოცდების სისტემის ცვლილება — 2020 წლიდან ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება;
  • საპენსიო ასაკის მასწავლებლების შესახებ რეფორმა — პენსიონერი მასწავლებლები, რომლებმაც პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, ორი წლის ხელფასის ჯამურ ოდენობას მიიღებენ. მათ მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ პედაგოგის ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი;
  • საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მომხდარი, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმე.