დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში 61 წლის ქალი, სავარაუდოდ, მოკლეს. ქალის გარდაცვალება On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მერის წარმომადგენელი, მურად ელაშვილი პირველ არხთან აცხადებს, რომ ქალთან, სავარაუდოდ, გაქურდვის მიზნით შევიდნენ და გაგუდეს. მისივე ინფორმაციით, ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა, მისი ცხედარი გარდაცვლილის ძმის შვილმა და მეზობელმა მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ტელეფონზე აღარ პასუხობდა და ბინაში მიაკითხეს.

"ჩამსხვრეული იყო სახლის მინები. სახლშიც ნივთები არეული, ალბათ, რამეს ეძებდნენ... მეუღლე სამი წლის წინ გარდაეცვალა. სკოლასთან ახლოს ღვეზელებს ყიდდა", — ამბობს მერის წარმომადგენელი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.