დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ მეორე ნატურალური ბეწვისგან დამზადებულ ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უარს ამბობს. ინფორმაციას ამის შესახებ ბუკინგემის სასახლე ავრცელებს.

იმის შესახებ, რომ დედოფალი ნატურალურ ბეწვზე უარს ამბობდა მისმა პირადმა დიზაინერმა ანჯელა კელიმ თავის წიგნში დაწერა. იგივე ინფორმაცია ბუკინგემის სასახლის პრესსპიკერმა დაადასტურა და დაამატა, რომ ახალი ტანსაცმლის შეკერვის აუცილებლობის შემთხვევაში მხოლოდ ხელოვნურ ბეწვს გამოიყენებენ.

გარდა ამისა, პრესსპიკერმა დააზუსტა, რომ დედოფალი გააგრძელებს იმ ბეწვის პროდუქციის მომხმარებას, რომელიც ცერემონიალური მიზნებისთვის შეიქმნა — ქუდები და მანტიები.

მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ეთიკური მიზეზების გამო ნატურალური ბეწვის წარმოებაზე უარი თქვა, ქვეყანაში ბეწვის პროდუქციის იმპორტი გრძელდება. ბეწვის მოხმარების გამო დედოფალი კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა.

ამავე დროს, ბეწვის გამოყენებაზე თითქმის ყველა დიდმა მოდის სახლმა თქვა უარი. მათ შორის არიან Gucci, Prada, Calvin Klein, Stella McCartney, Vivienne Westwood, Tommy Hilfiger, Versace, Armani და Hugo Boss. ოქტომბერში კალიფორნია გახდა აშშ-ს პირველი შტატი, სადაც ნატურალური ბეწვისგან დამზადებული პროდუქციის გაყიდვა აიკრძალა.