საბჭოთა კავშირის ყოფილმა მმართველმა, მიხეილ გორბაჩოვმა ცოტა ხნის წინ BBC-სთან მიცემულ ინტერვიუში იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც თანამედროვე მსოფლიო დგას.

88 წლის პოლიტიკოსი, რომელსაც ცივი ომის დასრულებაში შეტანილი წვლილის გამო მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადაეცა, მიიჩნევს, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის "ცივი, მაგრამ კვლავ საომარი მდგომარეობაა":

"ნახეთ, რა ხდება - სხვადასხვა ადგილას საბრძოლო შეტაკებები და მუდმივი სროლაა. ორივე მხარე ყველგან თავის საზღვაო და საჰაერო ხომალდებს აგზავნის. ეს კი სულაც არ არის სასურველი მდგომარეობა."

საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მმართველის აზრით, თანამედროვე სამყაროსთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ატომური იარაღია:

"სანამ მასობრივი განადგურების იარაღი არსებობს, უპირველეს ყოვლისა კი ატომური იარაღი, მუდმივად უზარმაზარი საშიშროებას ქვეშ ვართ."

გორბაჩოვი საბჭოთა კავშირს ექვსი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და მისი მმართველობის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სწორედ ატომური იარაღის გამოყენების წინააღმდეგ გატარებული სანქციები იყო. ის ამერიკის იმდროინდელ პრეზიდენტთან, რონალდ რეიგანთან ერთად აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რათა ორივე მხარეს უარი ეთქვა ბირთვული ბომბის გამოცდასა თუ წარმოებაზე.

1987 წელს მიხეილ გორბაჩოვი და რონალდ რეიგანი საზავო ხელშეკრულებას აწერენ ხელს.

ფოტო: Public Domain

ბოლო პერიოდში ეს გლობალურად მნიშვნელოვანი შეთანხმება ეჭვქვეშ დადგა და საერთაშორისო პოლიტიკურმა მდგომარეობამაც არასტაბულობის მაჩვენებელი რყევები დაიწყო: რამდენიმე თვის წინ აშშ-ს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ოცდათორმეტი წლის წინ მიღწეული ამ ხელშეკრულების შესრულებაზე უარს იტყოდა, რადგან რუსეთის მმართველი, ვლადიმერ პუტინი უხეშად არღვევდა მის წესებს.

რუსეთისა და ამერიკის პოლიტიკური ურთიერთობის დაძაბულობა გორბაჩოვს განსაკუთრებით აშფოთებს, ამიტომაც მიიჩნევს, რომ ბირთვული იარაღი არავის ხელში არ უნდა იყოს:

"ყველა სახელმწიფომ, უკლებლივ ყველა ქვეყანამ უნდა გაანადგუროს ბირთვული იარაღი."

მისი აზრით, ეს არის ერთადერთი გზა, თუ გვინდა, რომ "ჩვენ და ჩვენი პლანეტა გადავრჩეთ".