პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემაც საპატრიარქოში განვითარებული მოვლენები 20 ივნისს "პარლამენტზე ძალადობრივ შეტევას" დაუკავშირა. მანამდე პრემიერმა "20 ივნისის რევოლუციურ სცენარსა" და მეუფე პეტრეს განცხადებას შორის პარალელი გაავლო.

არჩილ თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ამ პროცესების უკან არიან ის ძალები, ვინც არეულობების და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციით იყვნენ დაინტერესებული.

"საერთო ხაზი, რაც აქ იკვეთება, არის ის, რომ ამ მოვლენებს ქვეყანაში მთავარი ინსტიტუტების დისკრედიტაცია და მთავარი ინსტიტუტების წინააღმდეგ შეტევის აერთიანებს, ჩემი დაკვირვებით. თუმცა, ვერანაირი განცხადებები, ვერანაირი პოლიტიკური შეტევები და განცხადებები ჩვენს პატრიარქს და ეკლესიას ვერ შეასუსტებს", — განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კითხვაზე უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა:

"არავითარი საფუძველი არ შეიძლება ჰქონდეს იმას, რომ ხელისუფლება რაიმე სახით ყოფილიყო დაინტერესებული იმ ბრალდებებთან მიმართებაში, რომელიც გაკეთდა".

31 ოქტომბერს გამართული სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვის მხილების გამო ილია მეორემ მღვდელმთავრობიდან გადააყენა. მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ თავად პატრიარქია "პიდარასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი".

მეუფე პეტრემ განმარტა, რომ სიტყვა "პიდარასტიაში" "ჭაბუკის გამხრწნელი" იგულისხმა. მისი თქმით, ეს საეკლესიო ტერმინია და სხვას ვერაფერს დაარქმევს.

სინოდის სხდომის განჩინებით, პეტრე ცაავას აეკრძალა მღვდელმოქმედება, გათავისუფლდა სინოდის წევრობიდან და ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან და "მოსანანიებლად" მონასტერში იქნა გამწესებული. მეუფე პეტრე შეიომღვიმეში წასვლაზე უარს აცხადებს.

მასალაში გამოყენებული მეუფე პეტრეს შეფასება გამოხატულია ჰომოფობიური სიტყვებით, თუმცა მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე On.ge მის სიტყვებს უცვლელად გთავაზობთ.