საპატრიარქოში ჰგონიათ, რომ ფილმ And Then We Danced-ის ჩვენება სინოდის სხდომის შემდეგ სპეციალურად დაიგეგმა. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ "შემთხვევითი არ არის" ფილმის ჩვენება სხდომის შემდეგ განვითარებული მოვლენების ფონზე.

თუმცა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფილმის პრემიერა ნოემბერში გაიმართებოდა სინოდის სხდომამდე 4 დღით ადრე, 27 ოქტომბერს გავრცელდა. ფილმზე ბილეთების გაყიდვა კი 30 ოქტომბერს, სინოდის სხდომის წინა დღეს დაიწყო.

"გარკვეულ ძალას, როგორც ჩანს, დიდად აწუხებს ეკლესიის ავტორიტეტი, მოსახლეობის სიყვარული ღვთისა და ტრადიციული ღირებებულებისადმი და მის შესარყევად სხვადასხვა მეთოდს მიმართავს", — წერია განცხადებაში.

საპატრიარქო ჰომოფობიურ განცხადებებსაც ავრცელებს და აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნიათ ამ ფილმის ჩვენება. იმავე აზრზე არიან ქართული მარში, ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი, მართლადიდებელ მშობელთა კავშირი და სხვა ჰომოფობიური ორგანიზაციები.

ისინი ჩვენების "მშვიდობიანი ფორმით ჩაშლას" ან "პოლიციის გაწევას" და "დარბაზის დაკავებას, პიკეტირებას" აანონსებენ. საპატრიარქო კი აცხადებს, რომ ძალადობას და ძალადობრივ ქმედებებს ემიჯნება.

რაც შეეხება სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, შეგახსენებთ, რომ მეუფე პეტრემ პატრიარქს "პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი" უწოდა. პეტრე ცაავა მღვდელმთავრობიდან განაყენეს. ამის მიზეზად ის საპატრიარქოში "მამათმავლობის მხილებას" ასახელებს, საპატრიარქო კი ილია მეორესადმი მის შეურაცხმყოფელ განცხადებებს იხსენებს.

მასალაში გამოყენებული მეუფე პეტრეს შეფასება გამოხატულია ჰომოფობიური სიტყვებით, თუმცა მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე On.ge მის სიტყვებს უცვლელად გთავაზობთ.

ამავე თემაზე: