"შენგელია საქართველოს წინააღმდეგ" — ია კერზაიას შვილის განცხადებით, ევროსასამართლოში მისი სარჩელი დარეგისტრირდა. მისივე თქმით, სტრასბურგში საქმის ის მასალები გაგზავნა, რომელიც ერთწლიანი ბრძოლით, მედიისა და არასამთავრობოების დახმარებით მოიპოვა.

"არც ერთი ინსტანცია, არც ერთი მირნიმალური შანსი არ დაგვიტოვებია მტკიცებულებების მოსაპოვებლად, საქმეზე სიმათლის დასადგენად. საპასუხოდ ყველა სახელმწიფო უწყებიდან ვიღებდით საქმის გაყალბების ხელშეწყობას, მოწმეებზე ზეწოლას, ტყუილებს, ცინიზმს, არაკომპეტენტურობას. ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი შეთანხმებულად მოქმედებდა საქმის გამოძიების შესაწყვეტად, ფაქტების დასამახინჯებლად", — წერს შენგელია ფეისბუქგვერდზე.

მისი თქმით, დღეს სახელმწიფო არ გვაქვს და არსებობს ძალადობრივი რეჟიმი, რომლის წინააღმდეგაც იბრძვის.

"საქართველოს წინააღმდეგ ბაჩანა შენგელია არასოდეს იქნება, მით უმეტეს ია კერზაია, რომელიც ზუსტადაც ქვეყნის სიყვარულს და თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა", — აცხადებს ის.

ია კერზაიას გარდაცვალების საქმე

ზუგდიდის სკოლის დირექტორი, ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის 9 დეკემბერს გარდაიცვალა.

მანამდე ია კერზაია რუსთავი 2-თან ჰყვებოდა, რომ მას შემდეგ რაც არჩევნებში პედაგოგების ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე სკოლაში გენერალური ინსპექციის ორი თანამშრომელი ჩავიდა და სკოლა შეამოწმა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შემოწმების დღეს რეგიონს წყალი არ მიეწოდებოდა და სკოლაშიც საპირფარეშოები იყო გაუმართავი. ამ მიზეზის გამო კი თანამდებობიდან დირექტორის გათავისუფლებას აპირებდნენ.

სკოლის დირექტორზე ზეწოლაზე საუბრობენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ოპოზიცია. აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და აღნიშნა, რომ ამ საქმის პოლიტიზირება მიუღებელია.