ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენი, ადამ კინზინგერი ამბობს, რომ ამერიკა საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია. ამის შესახებ მან დღეს, 6 ნოემბერს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა. დღევანდელ ფორუმს ესწრებიან საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები, NATO-ს მაღალჩინოსნები და ამერიკელი კონგრესმენები.

"ამერიკა მხარს უჭერს ქართველ ხალხს, ჩვენ გვესმის ქართულ–ამერიკული ურთიერთობის მნიშვნელობა. ჩვენ ყოველდღე ვხედავთ გამოწვევებს რუსეთის მხრიდან. გრძელდება ოკუპაცია. აქაც და შეერთებულ შტატებშიც არის დეზინფორმაციის პრობლემა, ასევე კიბერთავდასხმები. ამერიკელი ხალხის სახელით საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ. საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღება ამერიკის მიერ მნიშვნელოვანია. შესაძლოა დემოკრატები და რესპუბლიკელები ბევრ საკითხზე ვერ ვთანხმდებით, თუმცა როცა საქმე საქართველოს ეხება ჩვენ ერთიანები ვართ. ჩვენ ვხედავთ საქართველოს პროგრესს, საქართველო აგრძელებს სხვადასხვა ინსტიტუტის განვითარებას. ველით, რომ მომავალი არჩევნები დემოკრატიული და თავისუფალი იქნება", — ამბობს ადამ კინზინგერი.

თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციაზე განიხილება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი და გაწევრიანების პერსპექტივები, ჰიბრიდული საფრთხეები და საქართველოს სტრატეგიული მზადყოფნა.