მამა გიორგი სხილაძე, რომელმაც რამდენიმე საათის წინ სასულიერო სასწავლებლის რექტორი, ეპისკოპოსი ზოსიმე სტუდენტების მიმართ სექსუალურ ძალადობაში ამხილა, ამბობს, რომ მსგავსი ქმედებები არაერთხელ მომხდარა. წლების წინ მომხდარი ძალადობის ფაქტების შესახებ მან მთავარი არხის ეთერში ისაუბრა.

"მე იმ დროს ვიყავი 21 წლის ჭაბუკი, რომელმაც სემინარიაში ჩემს სულიერ ძმებთან ერთად ჩავაბარე და ჩემთვის სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ აკადემიის რექტორი, რომელიც იყო სვეტიცხოვლის წინამძღვარი, სვეტიცხოვლის ეზოში ეწეოდა გარყვნილ ქმედებებს თავის სტუდენტებთან და მორჩილებთან, სტიქაროსნებთან და ა.შ.

დიახ, მე ვაცხადებ, რომ მასიური ხასიათი ჰქონდა, რიცხვს ვერ დავასახელებ, მაგრამ...

მე გეტყვით ერთ რამეს და გამოიტანთ დასკვნას. ამ ამბის შესახებ, ვისაც ეს ვაუწყეთ არის პატრიარქის ძმისშვილი, მამა დავითი, რომელიც ლექტორი იყო, დღეს მიტროპოლიტი დიმიტრი, მას ვაუწყეთ ეს საშინელი მოვლენა, რომლის გახმაურება არათუ ერში, ეკლესიაშიც არ გვინდოდა. მან ასეთი რამ ჩაილაპარაკა და პიროვნება არსებობს, ჩემ გარდა, ვინც დაადასტურებს: თქვენც ახლა ახალი ამბავი გვითხარითო", — ყვება მამა გიორგი სხილაძე.

მისი თქმით, ამ ამბის შესახებ ინფორმირებული იყვნენ სხვა სასულიერო პირებმაც, თუმცა ოთხი სტუდენტი "შეატოვეს" ამ ამბავს. მისი მონაყოლის მიხედვით, მას შემდეგ, რაც სექსუალური ძალადობის ფაქტების შესახებ გახდა ცნობილი, რექტორს მოსთხოვეს თანამდებობა დაეტოვებინა და მონასტერში წასულიყო მოსანანიებლად. დაპირდნენ, რომ ამ პირობის შესრულების შემთხვევაში არ ამხელდნენ.

"თუ ეს ადამიანი უდანაშაულო იყო, რატომ დაწერა მაშინ ეს ხელწერილი და რატომ არ გაასაჩივრა", — თქვა მამა გიორგიმ.

1988 წლის 23 დეკემბერს მომხდარი სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ მამა გიორგიმ ფეისბუქზე რამდენიმე საათის წინ დაწერა. მან დაასახელა კონკრეტული პირის სახელი და გვარიც, რომელზეც ამბობდა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიაში მაშინდელი რექტორი, ეპისკოპოსი ზოსიმე შიოშვილი "სოდომურად თავს დაესხა" სვეტიცხოვლის რეზიდენციაში.