მეუფე ანტონი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები პედოფილები ან ჰომოსექსუალები იყვნენ. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

მას გადაცემის წამყვანმა ჰკითხა, ეკლესიაში არის თუ არა "მამათმავლობა" ან პედოფილია, რაზეც მეუფემ ასე უპასუხა:

"ეკლესიაში მსგავს პრობლემებს არ გამოვრიცხავ, ზოგადად არსებობს და იყო ლაპარაკი... ჩემთვის უცხო არ იყო, გაგონილი მქონდა და ვიცი... არა, არ გამოვრიცხავ. მარსზე კი არ ვცხოვრობ, დედამიწაზე ვცხოვრობ..."

მისი თქმით, რამდენიმე მოძღვარი ამის გამო განაყენეს და გააფრთხილეს:

"ყველა მატარებელს ჰყავს თავისი მგზავრი, ყველა ნაჭერს ჰყავს თავის მყიდველი — რანაირი მოძღვარიც არ უნდა იყოს, მას თავისი მრევლი ჰყავს, რომელიც არ დაიჯერებს... მოკალი, არ დაიჯერებს... ამიტომ მტკივნეულია... ამის დადასტურება ძალიან ძნელია".

31 ოქტომბერს გამართული სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვის მხილების გამო ილია მეორემ მღვდელმთავრობიდან გადააყენა. მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ თავად პატრიარქია "პიდარასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი".

მეუფე პეტრემ განმარტა, რომ სიტყვა "პიდარასტიაში" "ჭაბუკის გამხრწნელი" იგულისხმა. მისი თქმით, ეს საეკლესიო ტერმინია და სხვას ვერაფერს დაარქმევს.

სინოდის სხდომის განჩინებით, პეტრე ცაავას აეკრძალა მღვდელმოქმედება, გათავისუფლდა სინოდის წევრობიდან და ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან და "მოსანანიებლად" შიომღვიმის მონასტერში იქნა გამწესებული. მეუფე პეტრემ შიომღვიმეში წასვლაზე უარი განაცხადა და ეპარქია მის შემცვლელს გადააბარა.

მასალაში გამოყენებული მეუფე პეტრეს შეფასება გამოხატულია ჰომოფობიური სიტყვებით, თუმცა მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე On.ge მის სიტყვებს უცვლელად გთავაზობთ.