ბიზნესმენი ლევან ვასაძე ამბობს, რომ მათ, ვისაც კინოჩვენების ჩაშლა სურთ, And Then We Danced-ის ბილეთების ყიდვა უნდოდათ, თუმცა ვერ მოასწრეს. ამის შესახებ მან რამდენიმეწუთიან ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

"ჩვენ, თავიდან, გვინდოდა, უბრალოდ, ბილეთების ყიდვა და შიგნით ისე შემოსვლა, მაგრამ ყველა ბილეთი გაყიდული დაგვხვდა... ამიტომ ხალხს სხვა გზა აღარ დარჩა, გარდა სიანსების გარედან ჩაშლის", — ამბობს თავის ვერსიას ვასაძე.

ვასაძე და ჰომოფობიური ჯგუფების სხვა ლიდერები, გურამ ფალავანდიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე, ქართული მარშის მსგავსად, And Then We Danced-ის ჩვენების ჩაშლით იმუქრებიან. გურამ ფალავანდიშვილი, რომელიც თავს ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარეს უწოდებს, ამბობს, რომ თუ პოლიცია მათ "ხელს შეუშლის" სეანსის ჩაშლაში, პასუხად პოლიციას შეუშლიან ხელს, რომ ფილმის ჩვენების დაცვა ვერ შეძლონ.

ფალავანდიშვილი ფილმის ჩაშლის სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს, მათ შორის დარბაზის წინასწარ დაკავებას და კინოთეატრის შესასვლელის პიკეტირებას. მისი გეგმით, სამი დღის განმავლობაში ფილმის ვერცერთი სეანსის ჩვენება არ უნდა მოხდეს. როგორც ის ამბობს, მათი ძალები ყველა კინოთეატრთან გადანაწილდება.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჰომოფობიური ჯგუფები ფიზიკური დაპირისპირებით იმუქრებიან მათ შორის პოლიციასთან. იგივე მოწოდებები ისმოდა 17 მაისისა და თბილისი პრაიდის წინა პერიოდში.

ფილმის ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში 8-დან 10 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

ფილმის და ჩვენ ვიცეკვეთ მსოფლიო პრემიერა 16 მაისს კანის რიგით 72-ე კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმი კანის კინოფესტივალის Director’s Fortnight სექციაში, 25 ფილმს შორის მოხვდა. პირველი ქართული სასიყვარულო გეი დრამის რეჟისორი ლევან აკინია, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა.

And Then We Danced, რომელმაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონიალზე შვედეთის სახელით წარსდგება.