თანასწორობის მოძრაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ფილმ And Then We Danced-ის კინოსეანსებზე დამსწრეთა უსაფრთხოება დაიცვას.

ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადამწყვეტი როლი ეკისრება სამართალდამცავ სტრუქტურებს, შეძლებენ თუ არა, რომ დაიცვან მოქალაქეების უსაფრთხოება და უფლება, რომ აუდიტორიამ შეძლოს იმ კინოჩვენებაზე დასწრება, რომლის ნახვის სურვილიც აქვს. მათი თქმით, კიდევ ერთხელ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, შეძლებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება, გაუძლოს ფსევდორელიგიური და ფსევდოტრადიციული ჯგუფების ზეწოლას და დაიცვას სეკულარული დემოკრატიის პრინციპები.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ბუნდოვანი განმარტებებიდან გამომდინარე, რომ ისინი "კანონის ფარგლებში იმოქმედებენ", იმედს ვიტოვებთ, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები ადეკვატურად შეაფასებენ მოცემულ ვითარებას და დაიცავენ ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს", — ნათქვამია განცხადებაში.

მათივე თქმით, ჰომოფობიურად განწყობილ ჯგუფები, მიუხედავად მათი სურვილისა, "მაჰათმა განდის მშვიდობიანი მეთოდებით" პროტესტს მიმართონ, შორს დგანან მანიფესტაციის მშვიდობიანი ფორმებისგან. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ეს ჯგუფები ხშირად პოლიციასთან კონფრონტაციასაც კი არ ერიდებიან, რაც არაერთხელ დადასტურებულა.

"ფილმის და ჩვენ ვიცეკვეთ მიმართ საზოგადოების ინტერესი დიდია. გაიყიდა ყველა ბილეთი. ამ ფონზე, ჰომოფობიური ჯგუფები ემზადებიან მანიფესტაციის გამართვისთვის, აპირებენ კინოთეატრების გადაკეტვას, რაც ზრდის საფრთხეს, რომ თავს დაესხმებიან ფილმზე დასასწრებად მისულ ადამიანებს. მათ, საპატრიარქოსთან აფილირებულ ჯგუფებს, ზურგს უმაგრებს, ეკლესიის პრესმდივნის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაც, რომ ისინი პროტესტით ხვდებიან ფილმის პრემიერას", — ნათქვამია განცხადებაში.

ფილმის ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში 8-დან 10 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.