საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა ინტერნეტის თავისუფლების 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ქართული პროსახელისუფლებო ტროლებიც მოხვდნენ. ანგარიშის მიხედვით, საქართველომ 100-დან 75 ქულა მიიღო და "თავისუფალი ინტერნეტის" კატეგორიაში მოხვდა.

საანგარიშო პერიოდში (2018 წლის პირველი ივნისი — 2019 წლის 31 მაისი) Freedom House-მა სამი მნიშვნელოვანი მოვლენა გამოყო:

  • 2018 წის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისა და სხვა პერიოდში ანონიმური აქტორების მხრიდან სოციალურ ქსელში დეზინფორმაცია ვრცელდებოდა;
  • საქართველოს ახალი კონსტიტუცია, რომელიც ინტერნეტზე ხელმისაწვდომობას ფუნდამენტურ უფლებად აცხადებს და ძალაში 2018 წლის დეკემბრიდან შევიდა;
  • 2019 წლის იანვარში სოციალურ ქსელში პოლიტიკოს ეკა ბესელიას ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოკადრები გავრცელდა, რაც სავარაუდოდ მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდებოდა. ამავე დროს, სექსუალური განათლების აქტივისტი ხატია ახალაია ინტერნეტით მოკვლისა და გაუპატიურების მუქარებს იღებდა.

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, საქართველოში ციფრული უფლებები ძირითადად დაცულია და ერთ-ერთ მაგალითად ახალი კონსტიტუცია მოჰყავს, რომლის მიხედვითაც ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა გარანტირებულია. ამავე დროს, საუბარია იმ საფრთხეებზეც, რომელიც შეიძლება ინტერნეტის თავისუფლებას დაემუქროს.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ტროლები, მათ შორის ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბოტები, განსაკუთრებით 2018 წელს ივნისის აქციებისა და საპრეზიდენტო არჩევნების დროს გააქტიურდნენ.

ორგანიზაციას აღნიშნავს, რომ საქართველოში რეგულარული და კონკურენტული არჩევნები ტარდება და 2012-2013 წლებში ხელისუფლების ცვლილების პერიოდში დემოკრატიაში გაუმჯობესება შეინიშნებოდა.

"თუმცა ბოლო რამდენიმე წელში პროგრესი შენელდა. ოლიგარქიულ აქტორებს დიდი გავლენა აქვთ პოლიტიკაზე და პოლიტიკურ არჩევანზე, ხოლო კანონის უზენაესობა პოლიტიკური ინტერესებით იბლოკება", — ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში.

ნებისმიერ საზოგადოებრივ აქტიურობას, რომელსაც ხელისუფლების კრიტიკა მოჰყვება, ქართული პროსახელისუფლებო ტროლები ყურადღების მიღმა არ ტოვებენ. მაგალითად განსაკუთრებული იყო ტროლებისა და ბოტების აქტიურობა 20 ივნისის აქციის მოვლენების დროს. მათი გააქტიურება შეინიშნებოდა როგორც ანტისაოკუპაციო აქციების, ისე პანკისის მოვლენების დროს.

პროსახელისუფლებო ტროლებზე დეტალურად შეგიძლიათ წაიკითხოთ: