საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი, გიორგი მშვენიერაძე On.ge-სთან განმარტავს, რომ კონსტიტუციით არაა გათვალისწინებული პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გათავისუფლება:

"საქართველოს კონსტიტუცია ჩამოთვლის პრეზიდენტის კომპეტენციას, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი წევრის არჩევას, მაგრამ არაფერს გვეუბნება გათავისუფლების უფლებაზე, როგორც სხვა თანამდებობის პირებზე წერია, "ნიშნავს და ათავისუფლებს".

გიორგი მშვენიერაძის თქმით, არსებული პრაქტიკით, პრეზიდენტს ძალიან გაუჭირდება "გადაახტეს" კონსტიტუციას. მას მაგალითად მოჰყავს დავით ნარმანიას შემთხვევა, სემეკის თავმჯდომარეობის თანამდებობაზე დასანიშნად:

"პრეზიდენტის უფლებამოსილება არ ეწერა კონსტიტუციაში და კანონით იყო გათვალისწინებული ეს კომპეტენცია. ამაზე პარლამენტმა შეაჩერა პროცედურები, თქვა რომ არ იქნებოდა სწორი და რადგანაც კონსტიტუციაში უნდა ეწეროს პრეზიდენტის უფლებამოსილება, შეიცვალა კანონი და ნარმანია სემეკმა აირჩია. ანალოგიური სიტუაციაა ანა დოლიძესთან დაკავშირებით, ამიტომ ან კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს, ან კანონიდან სხვას უნდა გადაეცეს კომპეტენცია".

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ამ საკითხზე სალომე ზურაბიშვილის განცხადება უახლოეს დღეებში გავრცელდება.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მისი არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის გაწვევის მოთხოვნით პრეზიდენტს პირველ ოქტომბერს მიმართა. მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი აპელირებს იმით, რომ ანა დოლიძე პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა. მისივე თქმით, დოლიძე სისტემატიურად არღვევს საჯარო მოსამსახურის ეთიკას.

ანა დოლიძე 2018 წლის 8 იანვარს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წარდგინებით დაინიშნა. იგი საბჭოს მეორე არამოსამართლე წევრთან, ნაზი ჯანეზიშვილთან ერთად აქტიურად იყო ჩართული უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატების კრიტიკაში, მათ შორის, გასაუბრების დროს. ის კანდიდატ მოსამართლეთა სიას "კლანს" უწოდებდა.