სახალხო დამცველი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ლგბტ+ თემის წარმომადგენლების გამოხატვის თავისუფლება დაიცვას. ომბუდსმენი პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, ამ მიმართულებით ერთიანი პრევენციული და რეაქტიული ღონისძიებები დაგეგმოს.

სახალხო დამცველი მიმოიხილავს ლგბტ+ ადამიანების გამოხატვის თავისუფლების რეალიზების მდგომარეობას. მან ყურადღება გაამახვილა 2018 წლის 9 საფეხბურთო მოედანზე ლგბტ+ სიმბოლიკის შეტანის აკრძალვის საკითხზე, ასევე, 2019 წლის 18-23 ივნისს დაგეგმილი "ღირსების მარშის" ირგვლივ განვითარებული მოვლენებსა და ჰომოფობიურად განწყობილი ულტრამემარჯვენე ჯგუფების გაძლიერების ტენდენციაზე. სახალხო დამცველის შეფასებით, შსს-ს მიერ გატარებული ღონისძიებები ლგბტ+ თემის გამოხატვის თავისუფლების უფლების დაცვის კუთხით ბუნდოვანია

"დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, კონკრეტული ჯგუფების მხრიდან მომდინარე საფრთხეს, რომელიც მიმართული იყო ლგბტ+ ადამიანების და მათი მხარდამჭერების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისაკენ, იმავე სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს, რომელშიც საკუთარი უფლებების დაცვისა და თანასწორობის იდეის მხარდამჭერი ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას განიხილავს", — ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი, ასევე, აცხადებს, რომ შსს ვალდებულია ჟურნალისტების უფლება დაიცვას და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე დროული და ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს.