საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ გაატაროს პრევენციული ღონისძიებები ფილმ And Then We Danced-ის ჩვენებაზე დამსწრე ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა და სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამისთვის ომბუდსმენმა შსს-ს ოფიციალური წერილით მიმართა.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით დაცულია მხოლოდ მშვიდობიანი შეკრების შესაძლებლობა და არა იმგვარი ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას. მისი თქმით, აღნიშნული მიზნით, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონი აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს, მათ შორის დაუშვებელია შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების ბლოკირება.

ამიტომ, სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, თავი შეიკავონ კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევისგან, მათ შორის არ დაბლოკონ კინოთეატრების შესასვლელები.

ჰომოფობიური ჯგუფების ლიდერები გურამ ფალავანდიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე, ქართული მარშის მსგავსად, And Then We Danced-ის ჩვენების ჩაშლით იმუქრებიან. გურამ ფალავანდიშვილი, რომელიც თავს ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარეს უწოდებს, ამბობს, რომ თუ პოლიცია მათ "ხელს შეუშლის" სეანსის ჩაშლაში, პასუხად პოლიციას შეუშლიან ხელს, რომ ფილმის ჩვენების დაცვა ვერ შეძლონ.

ფალავანდიშვილი ფილმის ჩაშლის სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს, მათ შორის დარბაზის წინასწარ დაკავებას და კინოთეატრის შესასვლელის პიკეტირებას. მისი გეგმით, სამი დღის განმავლობაში ფილმის ვერცერთი სეანსის ჩვენება არ უნდა მოხდეს. როგორც ის ამბობს, მათი ძალები ყველა კინოთეატრთან გადანაწილდება.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჰომოფობიური ჯგუფები ფიზიკური დაპირისპირებით იმუქრებიან მათ შორის პოლიციასთან. იგივე მოწოდებები ისმოდა 17 მაისისა და თბილისი პრაიდის წინა პერიოდში.

ფილმის ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში 8-დან 10 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

ფილმის და ჩვენ ვიცეკვეთ მსოფლიო პრემიერა 16 მაისს კანის რიგით 72-ე კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმი კანის კინოფესტივალის Director’s Fortnight სექციაში, 25 ფილმს შორის მოხვდა. პირველი ქართული სასიყვარულო გეი დრამის რეჟისორი ლევან აკინია, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა.

And Then We Danced, რომელმაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონიალზე შვედეთის სახელით წარსდგება.