უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ლაშა ქოჩიაშვილის არ ამბობს არ ამბობს აიისას რეკლამა იყო თუ არა არაეთიკური. ამის შესახებ კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის წარმომადგენელმა, გიორგი მშვენიერაძემ იკითხა.

ქოჩიაშვილმა აღნიშნა, რომ უზენაესში მასთან მსგავსი საქმის მოხვედრის შემთხვევაში, მისი პასუხი შესაძლოა, მისი აცილების მიზეზი გახდეს. მანამდე კანდიდატმა განმარტა, რომ გამოხატვის თავისუფლების როგორც ევროპულ, ისე ამერიკულ სტანდარტს იცნობს:

"არსებითი გარემოებიდან გამომდინარე მივიღებ გადაწყვეტილებას. არის რამდენიმე მაგალითი, თუნდაც ფილმის ჩვენების დროს, რომ წმინდანები გამოსახული იყვნენ მიუღებელ ფორმებში და ევროპულმა სასამართლომ ეს აკრძალვა მიიჩნია სწორად, რომ არ ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლებაში".

აიისას საქმე

არაეთიკური რეკლამის მიზეზით კომპანიის მფლობელი, ანანია გაჩეჩილაძე სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა.

როგორც საქალაქო, ასევე სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არაეთიკური იყო აიისას პროდუქციაზე წარმოდგენილი შემდეგი წარწერები და გამოსახულებები: პროდუქტზე დატანილი წარწერა "ჩამოვკრავდი მაგრამ ნათლისღებაა"; წარწერა "ძლევაი საკვირველი" და გამოსახულება — დიდგორის ბრძოლა; წარწერა "სამეფო კარი თამარში" და თამარ მეფის გამოსახულება; პროდუქტზე დატანილი ვიზუალი — ქალის მარცხენა ხელის გამოსახულება პრეზერვატივით, რაც სასამართლომ "მაკურთხებელ მარჯვენად" შერაცხა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოხსენებული წარწერებისა და გამოსახულებების სექსუალური ხასიათის პროდუქტთან ერთად წარმოჩენა ხელყოფდა საჯარო მორალს და საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ წარმოდგენებს. პროდუქციის ნაწილზე დატანილი წარწერების მიზანი კი, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და ორივე ინსტანციის სასამართლოს შეფასებით, მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების მიმართ შეურაცხმყოფელი პათეტიკის წარმოდგენა და აშკარა, პირდაპირი და განზრახი დაცინვა იყო.