ჰომოფობიური ჯგუფების ლიდერები გურამ ფალავანდიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე, ქართული მარშის მსგავსად, And Then We Danced-ის ჩვენების ჩაშლით იმუქრებიან. გურამ ფალავანდიშვილი, რომელიც თავს ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარეს უწოდებს, ამბობს, რომ თუ პოლიცია მათ "ხელს შეუშლის" სეანსის ჩაშლაში, პასუხად პოლიციას შეუშლიან ხელს, რომ ფილმის ჩვენების დაცვა ვერ შეძლონ.

"როგორ ვაპირებთ და ფიზიკურად, როგორც მოხდა პრაიდზე. პოლიციას ჰყავს თავისი ძალები, ხალხს ჰყავს თავისი. სამწუხაროდ, თუ პოლიცია დაიცავს მათ, ის დაიცავს ჩვენი შვილების გარყვნას. პოლიცია ხდება უკანონო, კანონდამრღვევი, მოძალადე, ამიტომ ჩვენ უნდა დავუ... პოლიციასაც", — განაცხადა ფალავანდიშვილმა პრესკონფერენციაზე.

ფალავანდიშვილი ფილმის ჩაშლის სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს, მათ შორის დარბაზის წინასწარ დაკავებას და კინოთეატრის შესასვლელის პიკეტირებას.

"იმდენი უნდა მოვიდნენ [მისი მხარდამჭერები], რომ მათ შიგნით შესვლა ვერ შეძლონ [კინოთეატრის სტუმრებმა], ან ჩვენ შევიდეთ და ვერ გამოგვყარონ. ყველას ხომ ვერ გამოგვყრის პოლიცია და იმედია არც დაიწყებს ხელით შეხებას", — აცხადებს ფალავანდიშვილი.

მისი გეგმით, სამი დღის განმავლობაში ფილმის ვერცერთი სეანსის ჩვენება არ უნდა მოხდეს. როგორც ის ამბობს, მათი ძალები ყველა კინოთეატრთან გადანაწილდება.

"სახელმწიფო კანონს არ იცავს, ამიტომ ჩვენ აღვასრულებთ კანონს..." — ამბობს ის.

რაც შეეხება ქართული მარშს, მათი ლიდერი სანდრო ბრეგაძე ფილმის "მშვიდობიანი გზებით" ჩაშლით იმუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ პოლიცია კანონის ფარგლებში იმოქმედებს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გურამ ფალავანდიშვილი და მისი მომხრები ფიზიკური დაპირისპირებით იმუქრებიან მათ შორის პოლიციასთან. იგივე მოწოდებები ისმოდა 17 მაისისა და თბილისი პრაიდის წინა პერიოდში.

ფილმის ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში 8-დან 10 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

ფილმის და ჩვენ ვიცეკვეთ მსოფლიო პრემიერა 16 მაისს კანის რიგით 72-ე კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმი კანის კინოფესტივალის Director’s Fortnight სექციაში, 25 ფილმს შორის მოხვდა. პირველი ქართული სასიყვარულო გეი დრამის რეჟისორი ლევან აკინია, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა.

And Then We Danced, რომელმაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონიალზე შვედეთის სახელით წარსდგება.