"მორწმუნე ხართ თუ არა?" — ეს შეკითხვა ქართული ოცნების დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ლაშა ქოჩიაშვილს დაუსვა. დეპუტატი დაინტერესდა, როგორი დამოკიდებულება აქვს ქოჩიაშვილს რელიგიის მიმართ, რაზეც კანდიდატმა უპასუხა:

"დიახ, ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი".

დღეს, 5 ნოემბერს პარლამენტში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატს, ლაშა ქოჩიაშვილს უსმენენ. ქოჩიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა. 2007 წელს იგი საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო.

ლაშა ქოჩიაშვილის სახელი უკავშირდება რუსთავის მეტალურგიული ქარხნის გახმაურებულ საქმეს. ქარხანა 2005-2008 წლებში ბადრი პატარკაციშვილის კორპორაცია ქართულ ფოლადს ეკუთვნოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, 2008 წლის თებერვალში, ქარხნის 100-პროცენტიანი წილი ჯოზეფ ქეის მფლობელობაში მოექცა.

2013 წელს დაიწყო სამართლებრივი დავები პატარკაციშვილების კუთვნილი კომპანიების წინააღმდეგ, რომლის მიზანი იყო ქართული ფოლადის აქტივების გასხვისების ბათილად ცნობა. რუსთავის ფოლადმა პირველ ინსტანციაში სამივე დავა წააგო. სამივე დავას კანდიდატი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ლაშა ქოჩიაშვილი იხილავდა.

2016 წელს მან მეტალურგიული ქარხნის ქონება სრულად დააყადაღა. მაშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეაფასა აღმაშფოთებლად და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მოუწოდა დაინტერესებულიყო ამ საქმით.

ლაშა ქოჩიაშვილი იყო იმ შვიდ მოსამართლეთა შორის, რომლებმაც 2017 წელს დატოვეს მოსამართლეთა ერთობა. წასვლის მოტივი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ ორგანიზაციის კრიტიკული განცხადება იყო.

ლაშა ქოჩიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში იხილავს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 9-პროცენტიანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის სარჩელს, კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას და სხვა მფლობელების წინააღმდეგ. მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი იხილავდა 2016 წელს სტუდია მაესტროს გადახდისუუნარობასა და ლოგოსთან დაკავშირებულ დავებსაც.