1C საწარმო არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლატფორმა ბიზნესის ავტომატიზაციისათვის. ამ პლატფორმის სხვადასხვა ვერსიაზე შექმნილია ბევრი საბუღალტრო პროგრამა და ERP სისტემა.

თუ კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ბიზნესის ავტომატიზაციისათვის 1C პლატფორმის პროგრამები გამოიყენოს, საჭიროა მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია მოიძიოს მათ შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის გაანალიზების შემდეგ მიიღოს:

რისი ავტომატიზაცია სჭირდება კომპანიას?

ქართულ ბაზარზე არა ერთი 1C პროგრამა ოპერირებს. ყველა პროგრამას აქვს თავისი სპეციფიკა, ანუ მისი ფუნქციონალი უფრო მეტად გამოიყენება რომელიმე კონკრეტული საქმიანობის აღრიცხვისთვის და, როგორც წესი, ბაზარზეც ყველაზე მეტი მომხმარებელი მსგავსი საქმიანობის სფეროებიდან ჰყავს. არსებობს ჩვეულებრივი საბუღალტრო პროგრამები ბიზნესის საოპერაციო ნაწილის ფუნქციონალის გარეშე, სავაჭრო, სადისტრიბუციო, საწარმოო, სწრაფ გაყიდვებზე მორგებული, სამშენებლო და სხვა ტიპის პროგრამები. როდესაც კომპანია ძიებას იწყებს, უნდა იცოდეს რა ტიპის პროგრამა სჭირდება თავისი საქმიანობიდან გამომდინარე და რა ფუნქციონალი უნდა მოითხოვოს.

რამდენად რთული პროცესებია კომპანიაში?

როგორც წესი, მსხვილი ბიზნესი კომპლექსური პროცესებით ხასიათდება და პროგრამული უზრუნველყოფაც შესაბამისი სჭირდება. ასეთი კომპანიებისთვის 1C პლატფორმაზე შექმნილია დიდი ERP სისტემები, რომლებიც ბევრად ძლიერია, ვიდრე სხვადასხვა ინდუსტრიისთვის შექმნილი მცირემასშტაბიანი სააღრიცხვო პროგრამები. გარდა 1C პლატფორმისა, პოპულარულია ასევე SAP, Microsoft, Oracle-ის და სხვა ERP პროგრამები. ასეთ სისტემებში შესაძლებელია ბიზნესის ყველა ძირითადი პროცესის ასახვა, საბოლოო ჯამში კი საქმიანობის სრული სურათის დანახვა.

1C პლატფორმაზე, როგორც აღვნიშნეთ, შექმნილია შედარებით მცირემასშტაბიანი პროგრამებიც, რომლებიც სრულიად საკმარისია მცირე და საშუალო ბიზნესის აღრიცხვისთვის და ბევრად იაფიც ღირს.

პლატფორმის რომელ ვერსიაზეა დაშენებული პროგრამა?

1C საწარმო დროთა განმავლობაში იხვეწება. პირველი პროგრამები პლატფორმის 5.0 ვერსიაზეა შექმნილი 90-იან წლებში, შემდეგ მოჰყვა 6.0 და ა.შ. დღეისათვის, პროგრამის უახლესი ხელმისაწვდომი ვერსიაა 8.3.

იმისათვის რომ 1C პროგრამა გამართულად და სწრაფად მუშაობდეს, როგორც მინიმუმ პლატფორმის 1C 8.0 ვერსიაზე უნდა იყოს დაწერილი.

ვინ არის პროგრამის შემქმნელი კომპანია?

მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმა ერთია, სხვადასხვა პროგრამებს განსხვავებული ავტორები ჰყავთ — ანუ პროვაიდერი კომპანიები. გარდა პლატფორმის ვერსიისა და პროგრამის სპეციფიკისა, მნიშვნელოვანია სწორად შეირჩეს პროვაიდერი კომპანიაც. სწორედ მასზეა დამოკიდებული პროგრამის გამართული და სწრაფი მუშაობა, სამომავლოდ დახვეწა და განვითარება.

პროვაიდერი კომპანიები მოხმარებელს პროგრამასთან ერთად, როგორც წესი, მხარდაჭერასაც სთავაზობენ. საჭიროა მხარდაჭერის გუნდი იყოს კომპეტენტური და ოპერატიული, იმისათვის, რომ უზრუნველყონ პროგრამით უწყვეტი და უხარვეზო სარგებლობა. გასათვალისწინებელია, რომ კომპანიები, რომელთა სერვისშიც ასევე შედის ფინანსური და საბუღალტრო მომსახურება, აუდიტი, საგადასახადო კონსულტაციები და სხვა, ბევრად უფრო კომპეტენტური არიან პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის საკითხებშიც, ვინაიდან ესმით არამხოლოდ პროგრამის ტექნიკური ნაწილი და მშრალად მისი ფუნქციონალი, არამედ ბიზნესის მხარე, აღრიცხვის სპეციფიკები და მოსალოდნელ საგადასახადო ცვლილებებზეც წინასწარ არიან საქმის კურსში.