როგორც იქნა, დიდხნიანი ლოდინის შემდეგ კომპანია Warner Bros.-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჰარი პოტერის სპინოფის, Fantastic Beasts-ის დაპირებულ მესამე ნაწილზე მუშაობის პროცესი წინ დაიძრა: 2020 წლის თებერვალში ფილმის შემქმნელები სამსახიობო გუნდთან ერთად ახალ გადასაღებ მოედანზე აღმოჩნდებიან.

ცნობილი გახდა ისიც, რომ ფილმის გადაღებები ბრაზილიაში, ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში გაიმართება. ეს ჯადოსნური სამყაროს გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებული სიახლეა, რადგან ამ ფრენჩაიზის პირველი ფილმის მოქმედება ნიუ-იორკში ვითარდებოდა, მეორე ნაწილის კი ლონდონში, რაც იმას ნიშნავს, რომ მაყურებლებს შესაძლებლობა ექნებათ კიდევ ერთი ქვეყნის ჯადოქრები და იქაური მაგიური არსებები გაიცნონ.

ცნობილია ფილმში მონაწილე მსახიობების ძირითადი შემადგენლობაც: ახალ ნაწილში კვლავ ვიხილავთ ედი რედმეინს, ჯუდ ლოუსა და ეზრა მილერს. ჯონი დეპის მიმართ არსებული კრიტიკის მიუხედავად, ახალ ფილმში მსახიობი კვლავ მთავარი ბოროტმოქმედის, გრინდელვალდის როლში მოგვევლინება.

ფილმის რეჟისორი ამჯერადაც დევიდ უეიტსი იქნება, რომელმაც გადაიღო სწორედ პირველი ორი ნაწილი და ჰარი პოტერის სერიის კიდევ რამდენიმე ფილმი.

Fantastic Beasts-ის მესამე ნაწილის პრემიერა 2021 წელს, პირველი ნაწილის გამოსვლიდან ხუთი წლის შემდეგაა დაგეგმილი.