მთავრობის საპარლამენტო მდივნად ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ბექა დოჭვირი დაინიშნა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მან ამ პოსტზე ნათია მიქელაძე შეცვალა.

ადმინისტრაციის ცნობით, 2017 წლიდან 2019 წლის სექტემბრამდე ბექა დოჭვირი შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას, მანამდე კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა. ასევე, 2015-2016 წლებში, ბექა დოჭვირი ეკონომიკური საბჭოს აპარატის იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე იყო, მანამდე კი 2013 წლის აპრილიდან ბიზნესომბუდსმენის აპარატში მუშაობდა.

2009-2013 წლებში ის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტი იყო.

გარდა ამისა, გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში შსს-დან კიდევ რამდენიმე ადამიანი გადავიდა, მათ შორის ნათია მეზვრიშვილი, რომელიც ახლა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსია.