28 ოქტომბერს, "ქართულ მარშთან" დაკავშირებულმა პირმა, ლევან ხიდიშელმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა გარდაცვლილი ახალგაზრდის ფოტო, რომელზეც მისი მტკიცებით, თურქეთში ქურთუკის ქურდობის გამო ცემით მოკლული ქართველი იყო ასახული. პოსტს თან ერთვოდა თურქოფობიული მოწოდებები ჰეშთეგით "თურქეთი ჩვენი მტერია".

როგორც გამოქვეყნებული ფოტოების ფონიდან ჩანს, ის სტამბოლში, ზეინაბ ქამილის ქუჩაზე, სასტუმრო Ozsa-ს წინ არის გადაღებული. გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად მითების დეტექტორი სასტუმრო Ozsa-სა და მის მიმდებარე სასტუმრო Berlin-ის ადმინისტრაციას დაუკავშირდა. ბერლინის ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ ფოტოზე სინამდვილეში თურქეთის მოქალაქეა გამოსახული, რომელიც სასტუმროს მესამე სართულიდან გადმოხტა. ქართველის მკვლელობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოში თურქეთის საელჩომაც უარყო.

პარალელურად თურქეთში მცხოვრებმა ვეისელ მინიგოლმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ის აღნიშნავდა, რომ ზეინაბ ქამილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი სასტუმროს მესამე სართულიდან გადმოხტა. მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული ფოტოების ლოკაცია ლევან ხიდიშელისა და ქართული მედიის მიერ გავრცელებული ფოტოების ლოკაციას ემთხვეოდა.

სამწუხაროდ, ეს მცდარი ამბავი მედიაში მაინც გავრცელდა.


"სიცრუე დაფრინავს, სიმართლე კი უკან კოჭლობით მიჰყვება", - დაწერა ჯონათან სვიფტმა დაახლოებით 200 წლის წინ.

ეს ფრაზა ჯერ კიდევ მაშინ გაჟღერდა, სანამ ტელეფონებსა და რადიოს გამოიგონებდნენ, რომ არაფერი ვთქვათ ფეისბუქსა და ინსტაგრამზე. ახლა კი სიტუაცია გაცილებით მწვავეა, თუმცა, სავსებით შესაძლებელია, რომ ტექნოლოგიების მიერ გამძაფრებულ პრობლემას ასევე ტექნოლოგიებმა უშველოს. ჟურნალისტები ყოველდღიურ საქმიანობაში ხშირად იყენებენ სხვადასხვა ციფრულ ინსტრუმენტს, რომელთა გარეშეც სიმართლის დადგენა ბევრად უფრო რთული იქნებოდა.

გეოლოკაცია, ანუ GPS-ის დახმარებით ადამიანის თუ ობიექტის ზუსტი გეოგრაფიული კოორდინატების დადგენა ინფორმაციის გადამოწმების პროცესის განუყოფელი ნაწილია. გეოლოკაციით ვიგებთ კოორდინატებს ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტების თუ მოვლენების შესახებ, როგორებიცაა საწვრთნელი ბანაკები, შეიარაღებული ძალების გადაადგილება, ლანდშაფტის შეცვლა და ა.შ. ამისათვის გამოიყენება ყველასათვის ხელმისაწვდომი ღია სატელიტური რუკები: Google Earth, Wikimapia და სხვა.

"მთავარი სირთულე ფოტოზე ან ვიდეოზე ასახული ობიექტის შესახებ ინფორმაციის სიმცირეა. ამიტომ გამოსახულებაში არსებული ყველა დეტალი მნიშვნელოვანია, მათ შორის ბუნებრივი ლანდშაფტი (მთები, ტყეები, ტბები და ა.შ), მცირე ზომის ობიექტები (მაგალითად, მაღაზიის ან ქუჩის წარწერები, საფოსტო ყუთი, სარეკლამო ბილბორდი და სხვ.). დამატებითი სირთულე რეალურსა და სატელიტით მოწოდებულ გამოსახულებებს შორის საერთო ნიშნების პოვნაა. სატელიტურ გამოსახულებაზე ჩვენ ობიექტებს ზედხედით ვუყურებთ, რის გამოც ხშირად, მათი აღქმა და იდენტიფიცირება რთულია. ამიტომ ობიექტის არსებობის დასაფიქსირებლად მის ჩრდილებს და კონტურებს უნდა დავაკვირდეთ", - ამბობს მედიის განვითარების ფონდის მკვლევარი, ნანა რაფავა.

არ იფიქროთ, რომ გეოლოკაციის დადგენა მხოლოდ საგამოძიებო ჟურნალისტების საქმეა. თუ უცხო ქვეყანაში სასტუმროდან ქალაქის ცენტრისკენ გზა გაგიგნიათ, ესე იგი, უკვე ფლობთ საბაზისო უნარებს, დანარჩენი კი ინფორმირებულობასა და მონდომებაზეა დამოკიდებული.

მითების დეტექტორის მიერ მომზადებულ ვიდეოში სულ რაღაც 40 წამშია ახსნილი სურათის გადამოწმების პროცესი Google Earth-ის დახმარებით.

როგორ გამოვიყენოთ Google Earth ინფორმაციის გადასამოწმებლად?

Google Earth სატელიტურ გამოსახულებებზე დაყრდნობით ჩვენი პლანეტის სამგანზომილებიან ვიზუალს გვთავაზობს. მას როგორც ბრაუზერის, ასევე დესკტოპის ვერსია აქვს, თუმცა დესკტოპის პროგრამაში ისეთი საჭირო დამატებითი ფუნქციის ნახვაც შეგიძლიათ, როგორიც მაგალითად, დროში მოგზაურობაა.

მოდით, განვიხილოთ Google Earth-ის ძირითადი ფუნქციები მზიურის პარკის მაგალითზე.

1. ობიექტის იდენტიფიცირება

ობიექტის მოსაძებნად მარცხნივ, საძიებო ველში შესაბამისი სიტყვები უნდა ჩაწეროთ. ამ შემთხვევაში - მზიური. აქვე ნახავთ სხვადასხვა კუთხიდან გადაღებულ ფოტოებს, რომლებიც მომხმარებლებმა დაამატეს.

2. ქუჩის ხედი - Street View

ფოტო: ილია დარჩია

ქუჩის ხედის (Street View) ფუნქცია საშუალებას გვაძლევს, ჩვენთვის საინტერესო ადგილი 360°-ით დავათვალიეროთ და დავაზუსტოთ, როგორ გამოიყურება ის. ამ ფუნქციის გამოყენება Google Maps-ზე ან Google Earth-ის დესკტოპ-ვერსიაზე შეგიძლიათ.

3. როგორ გამოიყურებოდა ობიექტი წარსულში

Google Earth-ის პროგრამას ასევე აქვს "დროში მოგზაურობის" ფუნქცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ვნახოთ, თუ როგორ გამოიყურებოდა მზიური წარსულში.

Google Earth-ში მზიურის ყველაზე ძველი ფოტო 2001 წლისაა. ნახეთ, როგორ შეიცვალა მზიური 2001 წლიდან 2010 წლამდე

2010-2016: აქ ცხადად ჩანს, როგორ შეცვალა 13 ივნისის წყალდიდობამ ლანდშაფტი

Wikimapia

Google Earth-ის მსგავსად, Wikimapia-ც სატელიტურ გამოსახულებებს გვთავაზობს. თითოეულ მომხმარებელს რუკაზე ადგილების მონიშვნა, მათი ფოტოების განთავსება და ინფორმაციის შევსება შეუძლია. Wikimapia-ზე კონკრეტული ობიექტები კატეგორიების მიხედვით შეგიძლიათ მოიძიოთ და ნახოთ სამხედრო ბაზები, ბანაკები, მაღაზიები, საავადმყოფოები, მდინარეები, ტბები და ა.შ.

მაგალითისთვის, მოვძებნოთ სოხუმი

სამხედრო ობიექტების გაფილტვრით გადავიდეთ აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის სამხედრო პოლიგონზე. კომენტარებში მომხმარებელი იხსენებს, რომ აქ საბჭოთა პერიოდში სპორტსმენები "მსახურობდნენ", თუმცა ნაცვლად სამხედრო წვრთნებისა, ისინი, როგორც წესი, კოცონთან ღვინის სმაში უერთდებოდნენ დამსვენებლებს.

შესაძლებელია პოლიგონის ფოტოების ნახვაც

ეს სატელიტური რუკების ფუნქციების მხოლოდ ერთი ნაწილია. მათი დახმარებით ყალბი ამბების გადამოწმება თავსატეხის ამოხსნის პროცესს ჰგავს და ძალიან საინტერესოა.

ყალბი ამბები კაცობრიობასთან ერთად გაჩნდა და, ალბათ, არასდროს გაქრება. ყოველთვის იარსებებენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი მსოფლმხედველობის გასავრცელებლად ამბის სახეცვლილ ვერსიას წარმოადგენენ, თუმცა Google Earth-ისა და Wikimapia-ს მსგავსი ინსტრუმენტები სიმართლის დადგენის პროცესში მნიშვნელოვან უპირატესობას გვაძლევენ და ინფორმაციით სავსე სამყაროში ნავიგაციას გვიადვილებენ.