სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მთავარი არხის გენერალური დირექტირისთვის, ნიკა გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდება სისხლისსამართლებრივ მკაფიო ნიშნებს არ შეიცავს. ომბუდსმენმა თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული შეფასება მეგობრის მოსაზრებით მიმართვისას წარუდგინა.

სახალხო დამცველის განმარტებით, სასამართლომ სიღრმისეულად უნდა იმსჯელოს რამდენად წარმოადგენს სადავო ქმედება სისხლისსამართლებრივ დანაშაულს.

ომბუდსმენი მიუთითებს, რომ საწარმოს დირექტორის გადაწყვეტილება, თუნდაც ნაკლები მოგების მიღებას გულისხმობდეს, შესაძლებელია ემსახურებოდეს კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს და მოკლე ან გრძელვადიანი რისკების უზრუნველყოფას ისახავდეს მიზანად. მისივე განმარტებით, დირექტორის მიერ მიღებული, თუნდაც საზიანო გადაწყვეტილება არათუ სისხლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება.

"საწარმოს საუკეთესო ინტერესი დირექტორისგან სამეწარმეო რისკების გაწევას მოითხოვს. დირექტორი არ უნდა უფრთხოდეს იმას, რომ წარსულში მიღებულ სამეწარმეო გადაწყვეტილებას სასამართლო დანაშაულებრივად მიიჩნევს მხოლოდ მისი უარყოფითი შედეგიდან გამომდინარე, მითუმეტეს, თუ ამ ქმედებიდან არ იკვეთება დომინანტური მდგომარეობის არსებობა ან მისი ბოროტად გამოყენება და შესაძლებელია დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გონივრულად განმარტება", — აღნიშნულია განცხადებაში.

რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება მიმდინარე წლის 20 ივლისს დაიწყო.

ტელეკომპანიის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების და ფულის გათეთრების ბრალი წაუყენეს. რამდენიმე დღის წინ მას ბრალი მანქანის ეპიზოდით დაუმძიმეს.

11 აგვისტოს რუსთავი 2-ის ყოფილ დირექტორს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 40 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა და პროკურატურის ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა.