საკონსტიტუციო სასამართლო დაგროვებითი საპენსიო სისტემის სავალდებულოობის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით იმსჯელებს. არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივების ინფორმაციით, სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა გადამოწმდეს, ირღვევა თუ არა მოქალაქისა და დამსაქმებლების უფლება საპენსიო შენატანების დავალდებულებით.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სასამართლომ თანასწორობის უფლებასთან მიმართებით კონსტიტუციურობის შემოწმების საფუძვლები ვერ დაინახა სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო სქემის მონაწილეთა სასარგებლოდ შენატანების განხორციელების მარეგულირებელი ნორმების ნაწილში. სასამართლომ ასევე, არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.

ორგანიზაციის განცხადებით, კოლეგიის ამ მოსაზრებას არ დაეთანხა მოსამართლე ირინა იმერლიშვილი. ის იზიარებს მოსარჩლის პოზიციას, რომ სადავო ნორმების მოქმედება დამსაქმებლის საკუთრების უფლებას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. თუმცა სასამართლომ გადაწყვეტილება საჯარო ინტერესების დაცვის მოტივით გაამართლა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საპენსიო რეფორმა მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს ემსახურება. ამიტომ, სასამართლოს მოსაზრებით, დამსაქმებელთა მხრიდან საპენსიო ფონდში შენატანის განხორციელებიის შეჩერება და ფონდის შენატანების შემცირება, საპენსიო სააგენტოს ფუნქციონირებას და სქემის მონაწილე დამსაქმებლებს ერთობლივად ბევრად მასშტაბურ ზიანს მიაყენებს, ვიდრე მისი მოქმედების შემთხვევაში მიადგება მოსარჩელის ინტერესებს.

როგორ გროვდება პენსია

დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად დაუბეგრავი ხელფასის 6 პროცენტი გროვდება. აქედან 2 პროცენტი დასაქმებულის ხელფასიდან აკლდება, 2 პროცენტს დამსაქმებელი იხდის, დარჩენილი 2 პროცენტს კი - სახელმწიფო.

წარმოვიდგინოთ, რომ თქვენი დაუბეგრავი ხელფასი არის 1 000 ლარი, საშემოსავლოს ჩამოჭრის შემდეგ 800 ლარს აიღებთ. დაუბეგრავი ხელფასის 4-პროცენტიანი შენატანი, რომელიც დამსაქმებელმა და დასაქმებულმა უნდა გააკეთონ, 40 ლარია. ეს თანხა, შესაძლოა, თქვენს ხელზე ასაღებ ხელფასს მოაკლდეს, 800 ლარის ნაცვლად კი 760 აიღოთ.

შესაძლოა, რომ დამსაქმებელმა ორი პროცენტი თვითონ გადაიხადოს, ხოლო ორი პროცენტი დასაქმებულს ჩამოაჭრას ხელფასიდან, ამ შემთხვევაში თქვენი ხელფასი 780 ლარი იქნება.

სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, დამსაქმებელმა დაუბეგრავი ხელფასი მოგიმატოთ, რათა ხელზე იგივე თანხა აიღოთ. 1 000 ლარის შემთხვევაში, მისი ხარჯი 5,26 პროცენტით გაიზრდება, ანუ მისი ხარჯი 52,6 ლარით მოიმატებს.