მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც შეხვდა. ინფორმაცია ამის შესახებ საპატრიარქომ გაავრცელა.

საპატრიარქოს განცხადებით, ივანიშვილი შეეხო ბოლო დროს მომხდარ მოვლენებს, "რაც ცნობილ უპასუხისმგებლო ბრალდებებს მოჰყვა". მათივე ინფორმაციით, ითქვა ისიც, რომ მსგავსი ქმედებები არ არის მხოლოდ ეკლესიის მიმართ შეტევა, არამედ მიმართულია ზოგადად სახელმწიფოს წინააღმდეგ.

საპატრიარქოში ამბობენ, რომ ილია მეორემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინაშე მდგარ სხვა გამოწვევებზეც და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

აქამდე პატრიარქს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შეხვდა. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი დღეს, 3 ნოემბერს სამებაში მივიდა, სადაც ილია მეორეს მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი.

31 ოქტომბერს გამართული სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვის მხილების გამო ილია მპატრიარქს ეორემ მღვდელმთავრობიდან გადააყენა. მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ თავად პატრიარქია "პიდარასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი".

მეუფე პეტრემ განმარტა, რომ სიტყვა "პიდარასტიაში" "ჭაბუკის გამხრწნელი" იგულისხმა. მისი თქმით, ეს საეკლესიო ტერმინია და სხვას ვერაფერს დაარქმევს.

სინოდის სხდომის განჩინებით, პეტრე ცაავას აეკრძალა მღვდელმოქმედება, გათავისუფლდა სინოდის წევრობიდან და ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან და "მოსანანიებლად" მონასტერში იქნა გამწესებული. მეუფე პეტრე შიომღვიმეში წასვლაზე უარს აცხადებს.

მასალაში გამოყენებული მეუფე პეტრეს შეფასება გამოხატულია ჰომოფობიური სიტყვებით, თუმცა მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე On.ge მის სიტყვებს უცვლელად გთავაზობთ.