საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული აქვს ვალდებულება, დააახლოოს ქვეყნის სამშენებლო სტანდარტები ევროპულ ანალოგთან. სამშენებლო ნორმების ეროვნული (Eurocode) დანართის შექმნა რამდენიმე ეტაპისაგან შედგება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია სეისმური საშიშროების რუკის მიღება და მის საფუძველზე ეროვნული პარამეტრების გაწერა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა აშშ-ის ლორენს ლივერმორის ნაციონალურ ლაბორატორიასთან ერთად აშშ-ის ენერგიის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით შეიმუშავა კავკასიის სეისმური საფრთხის შეფასების რუკა განახლებული მონაცემთა ბაზებითა და თანამედროვე სტანდარტებით. ამ რუკის მიხედვით მნიშვნელოვანია სამშენებლო ნორმების ეროვნული პარამეტრები განისაზღვროს თანამედროვე სტანდარტების დაცვით. ახალი სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვა შეუძლებელია სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების გარეშე.

2019 წლის 4-8 ნოემბერს ჩვენი კანადელი კოლეგა, Onur Seemann Consulting-ის ხელმძღვანელი, ტუნა ონური გაუძღვება ტრენინგს ქართველი სეისმომედეგი და მშენებელი ინჟინრებისათვის, რათა მათ აითვისონ მეთოდები სეისმური საშიშროების ახალ რუკებთან თავსებადი გრუნტის მოძრაობის დროითი სერიების შერჩევისა და მოდიფიკიაციისათვის.

ტრენინგს აფინანსებს ამერიკის ენერგიის დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო საქართველოში, მსოფლიო ბანკი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.