ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე აცხადებს, რომ თვითონ უსამართლობასა და უზნეობას ებრძვის და "ისინი" შეურაცხყოფას აყენებენ პატრიარქს, როდესაც ამ ბრძოლას მასთან აიგივებებენ. მეუფე არ აკონკრეტებს ვის გულისხმობს.

"სინოდის სხდომაზეც ავირჩიე უკეთესი, ვიდრე რაღაც თავი დამემცირებინა. სიმდაბლე ადამიანს აცხონებს, მაგრამ დამცირება ღირსების ხარჯზე არ უნდა მოხდეს არასდროს", — განაცხადა მან ჟურნალისტებთან.

ამ წუთებში ჭყონდიდის ეპარქიაში გადაბარების პროცესი მიმდინარეობს. პეტრე ცაავა სინოდის მიერ დროებით მმართველად დანიშნულ მეუფე გრიგოლს ეპარქიას აბარებს.

31 ოქტომბერს გამართული სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვის მხილების გამო ილია მპატრიარქს ეორემ მღვდელმთავრობიდან გადააყენა. მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ თავად პატრიარქია "პიდარასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი".

მეუფე პეტრემ განმარტა, რომ სიტყვა "პიდარასტიაში" "ჭაბუკის გამხრწნელი" იგულისხმა. მისი თქმით, ეს საეკლესიო ტერმინია და სხვას ვერაფერს დაარქმევს.

სინოდის სხდომის განჩინებით, პეტრე ცაავას აეკრძალა მღვდელმოქმედება, გათავისუფლდა სინოდის წევრობიდან და ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან და "მოსანანიებლად" მონასტერში იქნა გამწესებული. მეუფე პეტრე შიომღვიმეში წასვლაზე უარს აცხადებს.

მასალაში გამოყენებული მეუფე პეტრეს შეფასება გამოხატულია ჰომოფობიური სიტყვებით, თუმცა მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე On.ge მის სიტყვებს უცვლელად გთავაზობთ.