ჭყონდიდის ეპარქიის ახალი ხელმძღვანელი მიტროპოლიტი გრიგოლი აცხადებს, რომ ეპარქიაში არანაირი საკადრო ცვლილება არ იგეგმება. ეპარქიაში გადაბარების პროცესთან დაკავშირებით სპეციალური კომისია შეხვედრას მართავს. შეხვედრას ესწრება როგორც მეუფე გრიგოლი, ისე მეუფე პეტრე.

"არანაირი საკადრო ცვლილება არ იგეგმება. ჯერ გავეცნოთ ეპარქიას, გავეცნოთ მამებს. მიუხედავად იმისა რომ ქირურგი ვარ, ქირურგიული ჩარევა არ მიყვარს", — განაცხადა ჟურნალისტებთან მეუფე გრიგოლმა.

31 ოქტომბრის სინოდის სხდომის განჩინებით, პეტრე ცაავას აეკრძალა მღვდელმოქმედება, გათავისუფლდა სინოდის წევრობიდან და ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან და "მოსანანიებლად" მონასტერში იქნა გამწესებული. მეუფე პეტრე შიომღვიმეში წასვლაზე უარს აცხადებს. ჭყონდიდის ეპარქიაში პეტრე ცაავას შემცვლელად კი წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია გააგზავნეს.

სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვის მხილების გამო ილია მეორემ მღვდელმთავრობიდან გადააყენა. მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ თავად პატრიარქია "პიდარასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი".

მეუფე პეტრემ განმარტა, რომ სიტყვა "პიდარასტიაში" "ჭაბუკის გამხრწნელი" იგულისხმა. მისი თქმით, ეს საეკლესიო ტერმინია და სხვას ვერაფერს დაარქმევს.

მასალაში გამოყენებული მეუფე პეტრეს შეფასება გამოხატულია ჰომოფობიური სიტყვებით, თუმცა მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე On.ge მის სიტყვებს უცვლელად გთავაზობთ.