ტელეკომპანია მაესტროს განცხადებით, მათზე მორიგი კიბერთავდასხმა განხორციელდა. როგორც არხის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პარალიზებულია ცენტრალური საეთერო, სერვერები, სამონტაჟოები და შიდა ქსელი. შეფერხებით მუშაობს არხის ფეისბუქგვერდიც.

ტელეკომპანიის ტექნიკური პროდიუსერის, ლაშა გაბარაშვილის თქმით, კიბერშეტევა 2 ნოემბერს, ათი საათისთვის დაიწყო.

"წინა კიბერშეტევისგან განსხვავებით სხვა ვირუსია, კრიპტოვირუსია, რომელიც აზიანებს ფაილებს", — უთხრა მან ფორმულა ნიუსს.

28 ოქტომბრის მასშტაბური კიბერშეტევის შედეგად ტელეკომპანია იმედმა და მაესტრომ მაუწყებლობა შეწყვიტეს. გარდა ამისა, დაიჰაკა ათასობით სხვადასხვა ვებგვერდი, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სამთავრობო და კერძო ვებგვერდები.

საიტების გახსნისას ჩნდება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო წარწერით: I ll be back (მე დავბრუნდები).