მამა ანდრია ინჩხურის მონასტერს ტოვებს. ასე გააპროტესტა მან სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მეუფე პეტრეს ჭყონდიდის ეპარქიიდან ჩამოცილებაზე. ამის შესახებ მან დღევანდელი ქადაგების დროს მრევლს უთხრა და შემდეგ უკვე მთავარ არხს ესაუბრა.

მისი თქმით, ის უარს არ ამბობს მღვდელმსახურებაზე, თუმცა ტოვებს წინამძღვრის თანამდებობას.

"ჩემთვის ეს არის ბოლო წირვა იმიტომ, რომ არ ვაპირებ მსახურებას იჩხურში. ეკლესიის წევრად ვრჩები. ჩემი გადაწყვეტილება არის, რომ, სანამ გაირკვევა და სინოდი თავის განაჩენს გამოიტანს, მე არ ვაპირებ ვემსახურო მათ, რომლებიც ამ სიცრუეში მონაწილეობდნენ... არ ვცნობ სიცრუის განაჩენს, რომელიც მათი მხრიდან იქნა მიღებული", — თქვა მამა ანდრიამ მთავარ არხთან საუბრის დროს.

31 ოქტომბერს გამართული სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვის მხილების გამო ილია მეორემ მღვდელმთავრობიდან გადააყენა. მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ თავად პატრიარქია "პიდარასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი".

მეუფე პეტრემ განმარტა, რომ სიტყვა "პიდარასტიაში" "ჭაბუკის გამხრწნელი" იგულისხმა. მისი თქმით, ეს საეკლესიო ტერმინია და სხვას ვერაფერს დაარქმევს.

მასალაში გამოყენებული მეუფე პეტრეს შეფასება გამოხატულია ჰომოფობიური სიტყვებით, თუმცა მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე On.ge მის სიტყვებს უცვლელად გთავაზობთ.