რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ გრიგორი კარასინთან შეხვედრა მიმდინარე თვის, ნოემბრის ბოლოს არის ჩანიშნული. On.ge-სთან საუბრის დროს ის აღნიშნავს, რომ მას კონკრეტული თარიღის დასახელება ჯერ არ შეუძლია.

მისი თქმით, ის კარასინთან შეხვედრამდე ფორმატით გათვალისწინებული საკითხების შესაბამისად დაინტერესებულ ჯგუფებს ხვდება ხოლმე და მათი ინტერესების დაკმაყოფილებას ცდილობს.

"ჩვენ შეხვედრაზე ვსაუბრობთ ხოლმე სავაჭრო ურთიერთობებზე, სატრანსპორტო საკითხებზე. ეს არის ამ ფორმატის მთავარი ფუნქცია... ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხსაც განვიხილავთ", — ამბობს აბაშიძე On.ge-სთან საუბრისას.

კარასინი და აბაშიძე ერთმანეთს 13 ივნისის შემდეგ აღარ შეხვედრიან. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ, 20 ივნისს გაიმართა საქართველოში მრავალათასიანი ანტისაოკუპაციო აქცია, რუსეთმა კი საპასუხოდ ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

ამავე თემაზე: ზახაროვას თქმით, კარასინი აბაშიძესთან მოლაპარაკებებში მონაწილებას ისევ მიიღებს