ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე აცხადებს, რომ შიომღვიმის მონასტრიდან, სადაც ის პატრიარქმა გაამწესა, მისი საჯარო აქტიურობა შეუძლებელი იქნება. ამის შესახებ მან გადაცემა პირველებში განაცხადა.

"მონასტერში გაგზავნის გადაწყვეტილებას, როგორც უსამართლოს ჩემს მიმართ, არ ვემორჩილები. ამიტომ შევთავაზე ჩემი ვარიანტი, თუ ეს არ იქნება, მე შიომღვიმის მონასტერში არ წავალ. მონასტერში მყოფი სასულიერო პირი უნდა იყოს მონასტრის წინამძღოლის მორჩილებაში. ვინაიდან ვაპირებ საჯარო აქტიურობას, როგორც მინიმუმ ექსპერტის დონეზე ვადევნო მიმდინარე მოვლენებს თვალ-ყური, მაშინ მივიღებ გადაწყვეტილებას, რომ შევარჩევ ადგილს სადაც ვიცხოვრებ", — განაცხადა მეუფემ.

სწორედ საჯარო აქტიურობა უკავშირდება მისი თხოვნაც, რომ ის სხვა მონასტერში გაამწესონ. მეუფე პეტრეს თქმით, გადაწყვეტილება პატრიარქმა უნდა მიიღოს და პასუხს ხვალ, 2 ნოემბერს ელოდება.

ჭყონდიდის მიტროპოლიტობიდან გადაყენებულმა მეუფე პერტემ განაცხადა, რომ შიომღვიმის მონასტერში არ წავა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ პატრიარქმა ის თავისი ეპარქიის მონასტერში გაამწესა.

"შიომღვიმის მონასტერში არ ვაპირებ წასვლას. ვითხოვე, რომ ერთ-ერთი მონასტერი დამითმონ, სადაც ვიქნები... ნუ, დაველოდები, თუ არადა [მე თვითონ] მივიღებ გადაწყვეტილებას სად ვიქნები... ჩემი თხოვნა არის იჩხურის მონასტერი", — თქვა მეუფე პეტრე ცაავამ.

სინოდის 31 ოქტომბრის სხდომის განჩინებით, პეტრე ცაავას აეკრძალა მღვდელმოქმედება, გათავისუფლდა სინოდის წევრობიდან და ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან და "მოსანანიებლად" მონასტერში იქნა გამწესებული.

"სინოდის წევრებმა აღნიშნეს, რომ ეკლესიის ისტორიაში ჩვენ ვერ ვნახავთ პატრიარქის შეურაცხყოფის მსგავს მაგალითს. უწმინდესმა ბრძანა, რომ მეუფე პეტრე იყო გამორჩეული მღვდელმთავარი, იგი იყო ახალშექმნილი ხევის პირველი ეპისკოპოსი და მეტად სამწუხაროა მისი ამგვარი ცვლილება", — წერია სხდომის ოქმში.

მათი თქმით, მოუწოდეს პეტრე ცაავას სინანულისკენ, რაზეც მან უარი განაცხადა და თავი დამნაშავედ არ სცნო ცილისწამებასა და კანონიკურ დარღვევებში. ამიტომ, სინოდმა ის გაათავისუფლა და ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად ეპისკოპოსი გრიგოლი დანიშნა.

სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვის მხილების გამო ილია მეორემ მღვდელმთავრობიდან გადააყენა. მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ თავად პატრიარქია "პიდარასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი".

მეუფე პეტრემ განმარტა, რომ სიტყვა "პიდარასტიაში" "ჭაბუკის გამხრწნელი" იგულისხმა. მისი თქმით, ეს საეკლესიო ტერმინია და სხვას ვერაფერს დაარქმევს.

მასალაში გამოყენებული მეუფე პეტრეს შეფასება გამოხატულია ჰომოფობიური სიტყვებით, თუმცა მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე On.ge მის სიტყვებს უცვლელად გთავაზობთ