საქართველოს პარლამენტში მინიმალური ხელფასის შესახებ საკანონმდებლო წინადადება დარეგისტრირდა. ინიციატივის ავტორი პროფესიული კავშირების გაერთიანებაა. წინადადება უკვე გადაეგზავნა ჯანდაცვის კომიტეტს განსახილველად.

პროექტში ნათქვამია, რომ მინიმალური ხელფასი არის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა, რომელიც დამსაქმებელმა უნდა გადაუხადოს დასაქმებულს.

დოკუმენტში, მინიმალური ხელფასი განისაზღვრება სრულ განაკვეთზე დასაქმებულებისთვის თვეში 320 ლარის ოდენობით, არასრულ განაკვეთზე კი საათში ორი ლარის ოდენობით. პროექტის მიხედვით, ხელფასის გაცემის წესის კონტროლი შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა უნდა განახორციელოს.

მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის ბრძანებულებით, კერძო სექტორში მინიმალური ხელფასი 20 ლარია, საჯაროში კი 135 ლარი.

"მინიმალური ხელფასის დაწესება ქვეყანაში, მასზე ზედამხედველობა, მისი პერიოდული გადასინჯვა ხელს შეუწყოფს სოციალური სამართლიანობისა და სოლიდარობის პრინციპების დამკვიდრებას, დასაქმებულთა ექსპლუატაციის პრევენციას. კანონპროექტის მიღების შედეგად, განსაკუთრებით დაბალანაზღაურებად დასაქმებულებს გაეზრდებათ შემოსავალი. ეს მათ შესაძლებლობას მისცემს, გარკვეულ დონეზე შეძლონ სიღარიბისგან თავის დაღწევა", — ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

პროექტში მოყვანილია სტატისტიკის სამსახურის 2018 წლის მონაცემები, რომლის მიხედვით, ქვეყანაში სიღარიბის დონე 22,3 პროცენტია, ხოლო სიღარიბის ზღვარს მიღმა არის მოსახლეობის 11,6 პროცენტი. 2019 წლის აგვისტოს მონაცემებით, 100 ლარზე ნაკლები ჰქონდა 23 526 ადამიანს, 200 ლარზე ნაკლები 63 356 ადამიანს, 300 ლარზე ნაკლები კი 114 ათასს.