ქართული მარშის ლიდერის, სანდრო ბრეგაძის შემდეგ ილია მეორეს მხარდაჭერას ლევან ვასაძეც უცხადებს. მან Facebook-ზე 5-წუთიანი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც პატრიარქის შესახებ საუბრობს.

"რით დავიმსახურეთ ქართველებმა ეს წყალობა და თუ არაფრით დაგვიმსახურებია, რით ამოვიდეთ უფლისადმი ამ ვალიდან ოდნავ მაინც. იქნებ სათუთი გაფრთხილებით ამ ღვთიური საჩუქრისა, იქნებ მორჩილებით მის მიერ დადგენილი განწესებისა, იქნებ დაბრუნებით ჭეშმარიტი სიცოცხლის წყაროსთან, სადაც ის, მარად მომღიმარი და მიმტევებელი თვალებით გველოდება", — ამბობს ვასაძე პატრიარქზე.

გუშინ, 31 ოქტომბერს სინოდის სხდომა გაიმართა, რომელიც მეუფე პეტრეს მღვდელმთავრობიდან გადაყენებით და მეუფე იაკობისთვის ტიტულის შენარჩუნებით დასრულდა.

სხდომის შემდეგ მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ ილია მეორემ ის ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვის მხილების გამო გადააყენა. მოგვიანებით კი მან აღნიშნა, რომ თავად პატრიარქია "პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი". მეუფემ განმარტა, რას ნიშნავს სიტყვა "პედარასტია" და პატრიარქი "ჭაბუკების გახრწნაში" დაადანაშაულა.

მასალაში გამოყენებული მეუფე პეტრეს შეფასება გამოხატულია ჰომოფობიური სიტყვებით, თუმცა მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე On.ge მის სიტყვებს უცვლელად გთავაზობთ.