იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ფიქრობს, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტის, პეტრეს განცხადება დამანგრეველი იყო, თუმცა იგივეს "ვერ უწოდებდა" ბოდბელი ეპისკოპოსის, იაკობის განცხადებას. მისი თქმით, ის დიდი სერიოზულობით არ გამოირჩეოდა. ამის შესახებ მინისტრმა დღეს, პირველ ნოემბერს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტის კითხვის პასუხად თქვა.

"რა თქმა უნდა, ის, რაც ჩვენ ვიხილეთ აწ უკვე მეუფე პეტრეს მხრიდან ეს არის არამც თუ დამაზიანებელი, ამგვარი ტიპის განცხადებები მიზნად ისახავს ნგრევას, არის ანტიევროვნული და ანტისახელმწიფოებრივი. ამაზე ბევრჯერ ითქვა", — ამბობს წულუკიანი.

26 ოქტომბერს ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა TV პირველთან სატელეფონო ინტერვიუში ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გამართული შეხვედრა გაიხსენა, სადაც, მისივე განცხადებით, "ეჩალიჩებოდნენ პატრიარქ ილია მეორის გადაყენებაზე და შიო მუჯირის პატრიარქად არჩევაზე".

მისი თქმით, შეხვედრას ესწრებოდა სამი ადამიანი: ვახტანგ გომელაური, გიორგი გახარიას და გიორგი კვირიკაშვილი.

კითხვაზე, პრემიერთან შეხვედრაზე განიხილებოდა პატრიარქის ტახტიდან ჩამოცილება, თუ მკვლელობა, იაკობი პასუხობს:

"ყველაზე კარგი ვარიანტი იყო, რომ მოეკლათ... მე მაგას არ დავუშვებ. არც დიმიტრი [შიოლაშვილი], არც პეტრე [ცაავა], არც სხვები, არც ბატონი ბიძინა [ივანიშვილი]... მე შემიძლია გამოვიდე და ყველა მაგათზე ვთქვა, რას აკეთებდნენ, რას აშავებდნენ. ჭკვიანად თუ არ იქნებიან, გადავუვლი თავზე, რომ ჰგონია რომ ქვეყნის ხელმძღვანელია...".

31 ოქტომბერს სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვის მხილების გამო ილია მეორემ მღვდელმთავრობიდან გადააყენა. მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ თავად პატრიარქია "პიდარასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი".

მეუფე პეტრემ განმარტა, რომ სიტყვა "პიდარასტიაში" "ჭაბუკის გამხრწნელი" იგულისხმა. მისი თქმით, ეს საეკლესიო ტერმინია და სხვას ვერაფერს დაარქმევს.

მასალაში გამოყენებული მეუფე პეტრეს შეფასება გამოხატულია ჰომოფობიური სიტყვებით, თუმცა მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე On.ge მის სიტყვებს უცვლელად გთავაზობთ