მთავარი არხის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ახალ ბრალს წაუყენებენ. პროკურატურის განცხადებას On.ge უცვლელად გთავაზობთ:

"სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე, დღეს, 19 საათზე გენერალურ პროკურატურაში ახალი ბრალდების წარდგენის მიზნით, დაბარებულია რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია".

11 აგვისტოს რუსთავი 2-ის ყოფილ დირექტორს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 40 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა და პროკურატურის ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა.

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 16 ივლისს რუსთავი 2-ის 9-პროცენტიანი წილის ყოფილმა მფლობელმა, ნინო ნიჟარაძემ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. ნიჟარაძე ტელეკომპანიის დირექტორის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გამოძიების დაწყებას ითხოვდა. ის აცხადებდა, რომ გვარამიას გადაწყვეტილებებმა არხს ფინანსური ზიანი მიაყენა. 6 სექტემბერს ნიკა გვარამიას რუსთავი 2-ის საქმეზე ახალი ბრალი წაუყენეს.