ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ონიანმა საპატიმრო დაწესებულება დატოვა. ონიანმა პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა და საპატიმრო დაწესებულება დროზე ადრე დატოვა.

"რაც შეეხება თვითონ საქმის გარემოებებს, რა მოხდა, როგორ მოხდა და რატომ მოვთხოვე პროკურატურას წლების შემცირება, რა სისხლის სამართლის დანაშაულს ჰქონდა ადგილი როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან, ისე მეორე ინსტანციის მხრიდან. ამაზე სულ რამდენიმე დღეში შევიტან იუსტიციის საბჭოში, სადაც დეტალურად იქნება ამაზე საუბარი", — განაცხადა ონიანმა საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ.

2017 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ონიანს 4 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შს მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ონიანს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, პოლიტიკურ დევნასა და პირისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავებოდა. ის ოთხივე ეპიზოდში დამნაშავედ სცნეს.

2018 წლის აპრილში პროკურატურამ განაცხადა, რომ ონიანმა ბრალი აღიარა და მათთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. სააპელაციო სასამართლომ ონიანს საპატიმრო ვადა 2 წლამდე შეუმცირა და დანარჩენი ვადა კი პირობითით შეუცვალა.