ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს თქმით, არ გამორიცხავს, რომ მის მიმართ "სანქცია" მეუფე იაკობის "გამოხტომის" გადასაფარად გაატარეს. მისი თქმით, სინოდის სხდომაზე მეუფე იაკობის მოხდილი ბოდიში იყო პატრიარქთან შეთანხმებული სამარცხვინო სპექტაკლი.

დღევანდელ სინოდის სხდომაზე მეუფე იაკობის საკითხიც განიხილეს, რომელმაც ტელეკომპანია პირველის ეთერში ისაუბრა იმაზე, რომ ყოფილი პრემიერი, ყოფილი შს მინისტრი და სუს-ის უფროსი პატრიარქის გადაყენებას სთავაზობდნენ. მეუფე იაკობი ამბობდა, რომ არავინ აინტერესებდა და იმუქრებოდა, რომ ყველას "დედას იმას უზამდა". საპატრიარქოს თქმით, მეუფე იაკობმა საქციელი მოინანია და სინოდმა მას ტიტული შეუნარჩუნა და გაფრთხილება გამოუცხადა.

ამის საპირწონედ, სინოდის სხდომაზე მღვდელსახურების უფლება შეუჩერეს მეუფე პეტრეს. სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ ილია მეორემ ის ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვის მხილების გამო გადააყენა. მოგვიანებით კი მან აღნიშნა, რომ თავად პატრიარქია "პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი". მეუფემ განმარტა, რას ნიშნავს სიტყვა "პიდარასტია" და პატრიარქი "ჭაბუკების გახრწნაში" დაადანაშაულა.

სინოდის განცხადებით, მეუფე პეტრეს ცოდვის მოუნანიებლობის გამო შეუჩერეს მღვდელმსახურების უფლება და მონასტერში წასვლისკენ მოუწოდეს.

მასალაში გამოყენებული მეუფე პეტრეს შეფასება გამოხატულია ჰომოფობიური სიტყვებით, თუმცა მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე On.ge მის სიტყვებს უცვლელად გთავაზობთ.